ტერეზა მეის პოსტიდან წასვლის შემდეგ, ბრიტანეთის ფონდებიდან 4 მლრდ აშშ დოლარის გადინება მოხდა

6

ტერეზა მეის მიერ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტის დატოვებიდან მოყოლებული დღემდე, ინვესტორებმა, ფონდებიდან, რომლებითაც ქვეყანაში ინვესტიციები ხორციელდება, 4,2 მილიარდი აშშ დოლარი გაიტანეს. ამის შესახებ Financial Times-ი კომპანია Emerging Portfolio Fund Research (EPFR)-ზე დაყრდნობით წერს. აღნიშნული კომპანია აკვირდება საინვესტიციო ფონდებში რესურსების შედინებასა და გადინებას.

2016 წლიდან მოყოლებული, როდესაც დიდ ბრიტანეთში ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა, რესურსების გადინების მაჩვენებელი 29,7 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ინვესტორების სიფრთხილე უკავშირდება ქვეყნის ახალი პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის გეგმას, რომლის მიხედვითაც მას Brexit-ის განხორციელება ბრიუსელთან შეთანხმების გაფორმების გარეშე სურს.

სიტუაციამ გავლენა იქონია დიდი ბრიტანეთის ქონებრივ ფონდებზე, რომლებმაც ივლისში 410 მილიონი ფუნტი დაკარგეს. კვლევების კომპანია Morningstar-ის ინფორმაციის მიხედვით, ეს იანვრიდან მოყოლებული, რესურსების გადინების ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

Comments
Loading...