- Advertisement -

სექტემბერში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 192.6 მილიონი ლარით გაიზარდა

5

2018 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 192.6 მლნ ლარით (1.8 პროცენტით) გაიზარდა და 11.13 მლრდ ლარს გაუტოლდა.

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა სექტემბერში 87.8 მლნ აშშ დოლარით (1.7 პროცენტით) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 5.35 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ამ კატეგორიის კრედიტების 55.9 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 87.1 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად ფიზიკური პირების გრძელვადიანი სესხების დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.

სექტემბრის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 6.7 მლნ ლარით შემცირდა და 397.6 მლნ ლარს
გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო.

ვადაგადაცილებული სესხების 51.9 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 55.7 პროცენტს გაუტოლდა.

საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის სექტემბერში 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.5 პროცენტი შეადგინა. უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი უცვლელია და 7.3 პროცენტს შეადგენს. ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა 15.0 პროცენტამდე.

ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.8 პროცენტია, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და წლიური 10.8 პროცენტი შეადგინა. უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა 7.9 პროცენტამდე, ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, 0.1 პროცენტული პუნქტით 6.2 პროცენტამდე გაიზარდა. წინა წლის სექტემბერთან შედარებით საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის სესხებზე 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო ეროვნული ვალუტის სესხებზე კი – 1.0 პროცენტული პუნქტით.

Comments
Loading...