სახელმწიფო დეპარტამენტი: Nord Stream II-ის პროექტი ცუდი იდეაა

6

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ქერჩის სრუტეში მომხდარმა ინციდენტმა ევროპას უნდა შეახსენოს, რომ გაზსადენ Nord Stream II-ის პროექტი “ცუდი იდეაა”. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომლის ჩანაწერი დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

“ქერჩის სრუტეში მომხდარმა ინციდენტმა ყველა ჩვენს ევროპელ მოკავშირეს უნდა შეახსენოს, თუ რატომ არის Nord Stream II-ის პროექტი ასეთი ცუდი იდეა”, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, შეერთებულ შტატებს ენერგეტიკის, უკრაინისა და უსაფრთხოების კუთხით ამ გაზსადენის პროექტის განხორციელება არ სურს.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინელი მეზღვაურების დაკავების შემდეგ, გერმანულ მხარეს კიდევ უფრო გაუჭირდა, რომ Nord Stream II-ს კომერციული პროექტი უწოდოს.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს, ოდესიდან მარიუპოლისკენ უკრაინული მცირე ჯავშნიანი კატარღა “Бердянск” და “Никополь”, აგრეთვე ბუქსირი “Яны Капу” მიემართებოდა, როდესაც რუსული სასაზღვრო გემი “Дон” უკრაინულ “Яны Капу”-ს შეეჯახა. დაზიანდა ორივე ხომალდი. როდესაც უკრაინულმა გემებმა ქერჩის სრუტისკენ დაიწყეს მოძრაობა, რუსული გემები მათ გაჰყვნენ, ცეცხლი გაუხსნეს და უკრაინული ხომალდები დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის ორი დაჭრილია. რუსული მხარე უკრაინის ქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს.

აზოვის ზღვაში განვითარებული მოვლენების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილების თანახმად, საომარი მდგომარეობა 2018 წლის 26 ნოემბრიდან – 2019 წლის 25 იანვრამდე იქნება ძალაში.

Comments
Loading...