საქართველო გაერო-ს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრად აირჩიეს

4

2019 წლის 7 მაისს, ქ. ნიუ-იორკში გამართულ გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) შეხვედრაზე საქართველო ერთხმად, კენჭისყრის გარეშე არჩეულ იქნა გაერო-ს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრად, 4 წლის ვადით.

წევრობის მანდატი მოიცავს 2020-2023 წლების პერიოდს.

ზემოთ აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში 2020-2023 წლების ვადით საერთო ჯამში გაერო-ს სტატისტიკის კომისიის 8 ახალი წევრი იქნა არჩეული.

გაეროს სტატისტიკის კომისია (UNSC), რომელიც დაარსდა 1947 წელს, გლობალური სტატისტიკური სისტემის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს,რომელიც აერთიანებს მსოფლიოს მთავარ სტატისტიკოსებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

კომისია შედგება გაეროს წევრი 24 ქვეყნისაგან, რომლებიც თანაბარი გეოგრაფიული განაწილების საფუძველზე აირჩევიან გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ, შემდეგი პრინციპით:

4 წევრი – აღმოსავლეთ ევროპოის ქვეყნებიდან;
7 წევრი – დასავლეთ ევროპის და სხვა ქვეყნებიდან;
4 წევრი – აზიის ქვეყნებიდან;
5 წევრი – აფრიკის ქვეყნებიდან;
4 წევრი – ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებიდან.

გაეროს სტატისტიკის კომისია წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე, სტატისტიკური საქმიანობების შესახებ გადაწყვეტილებების მიმღებ უმაღლეს ორგანოს – სტატისტიკური სტანდარტების დანერგვის, კონცეფციებისა და მეთოდოლოგიების შემუშავებისა და მათი ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე განხორციელების კუთხით.

ამასთან, კომისია ზედამხედველობას უწევს გაეროს სტატისტიკის სამმართველოს (UNSD) მუშაობას და ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ფუნქციონალურ ორგანოს წარმოადგენს.

საქართველო გაერო-ს სტატისტიკის კომისიის წევრი პირველად გახდა, რაც ქვეყნისთვის წარმოდგენს უდიდეს შესაძლებლობას, საერთაშორისო დონეზე შესადარისი სტატისტიკური მეთოდოლოგიების შემუშავების, დანერგვის და ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარების თვალსაზრისით.

კომისიის წევრობა ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მზაობას, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა მიმართონსაერთო მიზნების მისაღწევად, რაც ეროვნული სტატისტიკის სისტემის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.

Comments
Loading...