საქართველოში მზის 2 ელექტროსადგურის მშენებლობა განიხილება

9

Georgia Capital-ის შვილობილი კომპანია აღმოსავლეთ საქართველოში მზის 2 ელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავს.

“კავკასიის მზის კომპანიამ” საქართველოს 10 ლოკაციაზე ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა უკვე დაასრულა.

როგორც BM.ge-ს Georgia Global Utilities-ის ხელმძღვანელმა არჩილ გაჩეჩილაძემ განუცხადა, 10 ლოკაციიდან შეირჩა – 2, სადაც დამატებითი კვლევები განხორციელდება.

კონკრეტულად რომელ ადგილებს განიხილავს კომპანია მზის ელექტროსადგურისთვის, გაჩეჩილაძე, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ორივე შემთხვევაში, საუბარია აღმოსავლეთ საქართველოზე.

მზის სადგურების მშენებლობა შემდეგ ლოკაციებზე განიხილებოდა:

1. ალგეთის მზის ელექტროსდგური;

2. ახალციხის მზის ელექტროსადგური 1;

3. ახალციხის მზის ელექტროსადგური 2;

4. გარდაბნის მზის ელექტროსადგური 1;

5. გარდაბნის მზის ელექტროსადგური 2;

6. “ქსნის მზის ელექტროსადგური”;

7. “მარნეულის მზის ელექტროსადგური”;

8. კასპის მზის ელექტროსადგური;

9. “გლდანის მზის ელექტროსადგური”;

10. სააკაძის მზის ელექტროსადგური.

საქართველოს მთავრობამ “კავკასიის მზის კომპანიასთან” ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების ჩატარებაზე მემორანდუმი 2018 წლის თებერვალში გააფორმა. “კავკასიის მზის კომპანიას” მიეცა უფლება 18 თვის განმავლობაში შესაბამის ტერიტორიებზე კვლევები ჩაეტარებინა და წარედგინა საქართველოს მთავრობისთვის. მიმდინარე წლის 27 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება მემორანდუმის შეწყვეტაზე, ხოლო კვლევების საქართველოს მთავრობისთვის გადაცემის თაობაზე.

არჩილ გაჩეჩილაძე BM.ge-სთან განმარტავს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და კომპანიამ საკუთარი ვალდებულებები შეასრულა.

“მემორანდუმი იყო შესწავლაზე და ამ შესწავლის შედეგად თუ დადასტურდა, რომ კარგია პროექტი, გადადის განხორციელების ფაზაზე. როდესაც სხვადასხვა ლოკაციას ვიკვლევდით, არ გვქონდა მოლოდინი, რომ ყველგან შესაძლებელი იყო მზის სადგურების მშენებლობა, 2 მოვიწონეთ, 8 კვლევა კი, ჩავაბარეთ”, – აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე.

Comments
Loading...