საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გათვალისწინებით, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ სერვის ცენტრების მუშაობას დროებით წყვეტს და დისტანციურ მომსახურებაზე გადადის

10

საქართველო, თბილისი, 12 მარტი: ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად “ჯიპიაი ჰოლდინგი” პრევენციულ ღონისძიებებს განგარძობს. მოქალაქეთა და ასევე კომპანიის თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით, ორშაბათიდან მომსახურების ცენტრები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროებით იხურება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ COVID-19-ის პანდემიად გამოცხადების და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კომპანია გადადის დისტანციურ მომსახურებაზე და იღებს ზომებს, პირადი კონტაქტის გარეშე, მოემსახუროს დაზღვეულებს, მიიღოს შესაბამისი დოკუმენტაცია და ასევე გასცეს ანაზღაურება უმოკლეს ვადებში.

თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი: “ინფექციის თავიდან ასაცილებლად, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მთავრობის მიერ გავრცელებული რეკომენდაციების ფარგლებში, დროებით დახუროს ქვეყნის მასშტაბით არსებული სერვის ცენტრები. ჩვენთვის მნიშნველოვანია როგორც ჩვენს მიერ დაზღვეულების, ასევე კომპანიის თანამშრომელთა ჯანრთელობა და უსაფრთხოება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ მოქალაქეთა ერთ სივრცეში თავმოყრის თავიდან ასარიდებლად, მომსახურება დაზღვეულებს დისტანციურად გავუწიოთ.

თითოეული დაზღვეულის დოკუმენტაციას მივიღებთ ონლაინ, ჩვენი პორტალისა ან აპლიკაციის საშუალებით ან სპეციალური ყუთების საშუალებით, რომელიც სერვის ცენტრებთან განთავსდება. ანაზღაურება, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ერთი სამუშაო დღის ვადაში განხორცილედბა. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ მინდა ყველას შევახსენო რომ ჩვენ 24 საათიან რეჟიმში მზად ვართ ვუპასუხოთ სატელეფონო ზარებს ცხელ ხაზზე. ამისათვის უნდა დარეკონ ნომერზე 2 505 111 ან ისარგებლონ ონლაინ დახმარების სერვისით კომპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან.”

ჯიპიაი ჰოლდინგი მომხმარებელთა შეუფერხებლად მომსახურებას ონლაინ სერვისების საშუალებით განახორციელებს. დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ და მიიღონ ყველა სახის მომსახურება კომპანიის ვებპორტალის www.mygpi.ge საშუალებით, ან მობილური აპლიკაციით MYgpi (თავსებადია IOS და Android სისტემებზე).

ასევე საქართველოს მასშტაბით არსებულ სერვის ცენტრებთან განთავსდება სპეციალური ყუთები, სადაც დაზღვეულები საჭირო დოკუმნეტაციის დატოვებას შეძლებენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ანაზღაურებაზე დოკუმენტების წარმოდგენის ვადა გახანგრძლივდა: თუ აქამდე სამედიცინო მომსახურების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში იყო შესაძლებელი ანაზღაურებაზე მომართვა, ეს ვადა ორ თვემდე გაიზარდა.

Comments
Loading...