- Advertisement -

საქართველოს ფოსტა თიბისი ბანკთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას აფორმებს

12

საქართველოს ფოსტის მომხმარებლები თიბისი ბანკის პროდუქტებისა და მომსახურების მიღებას უკვე საქართველოს მასშტაბით მდებარე ფოსტის ყველა სერვისცენტრში შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თიბსი ბანკი ავრცელებს.

ურთიერთთანამშრომლობის დეტალების შესახებ კომპანიების გენერალურმა დირექტორებმა 24 ოქტომბერს, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფოსტის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში გააგზავნონ ან მიიღონ გზანილები და ამავდროულად, ისარგებლონ თიბისი ბანკისა და თიბისი დაზღვევის სერვისებითა და პროდუქტებით. ასევე, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრშივე განახორციელონ მათთვის სასურველი ფინანსური ოპერაციები. თანამშრომლობის მიზანია მომხმარებლების დროის დაზოგვა და საფოსტო და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პირველ ეტაპზე, საბანკო სერვისები საქართველოს ფოსტის რამდენიმე სერვისცენტრში იქნება ხელმისაწვდომი, 2019 წლის განმავლობაში კი სიახლე ეტაპობრივად, საქართველოს მასშტაბით მდებარე ფოსტის ყველა სერვისცენტრში დაინერგება.

“ჩვენი გადაწყვეტილება, გვეთანამშრომლა საბანკო სექტორთან, კომპანიის მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებულმა პოლიტიკამ განაპირობა, სადაც გათვალისწინებულია სხვა ქვეყნების წარმატებული საფოსტო ოპერატორების პრაქტიკა. ვფიქრობ, თანამშრომლობას ექნება მრავალი მიმართულება, არ შემოიფარგლება მხოლოდ საფოსტო და ფინანსური პროდუქტებით. ქვეყანაში ორი წამყვანი დარგის მსხვილი წარმომადგენლების გამოცდილების გაზიარება სასარგებლოა მეტი ინოვაციის ინიცირებისთვის. თიბისი ბანკის გუნდი გამოირჩევა ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საინტერესო ხედვით, საქართველოს ფოსტის სამომავლო გეგმები კი პირდაპირ კავშირშია ტექნოლოგიურ სიახლეებთან”, – განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ.

“მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას საქართველოს ფოსტასთან, ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორთან, რომელიც მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით უწევს მომსახურებას. ჩვენ, ორივე კომპანიას ბევრი საერთო გვაქვს – ორიენტირებულები ვართ განვითარებაზე, მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნასა და მათი მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისად ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებაზე. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან წარმატებული იქნება და საქართველოს ფოსტა და თიბისი ბანკი ერთობლივად არაერთ საინტერესო ინიციატივას შევთავაზებთ მომხმარებლებს”, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

საქართველოს ფოსტა ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 82 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის დაიცვას და უზრუნველყოს მათი უფლება, შეუფერხებლად მიიღონ საფოსტო მომსახურება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.

თიბისი ბანკი საქართველოში პირველი ბანკია ყველა საკვანძო პარამეტრის გათვალისწინებით. ბანკ რესპუბლიკას შემოერთების შემდეგ, 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, თიბისი ბანკის მთლიანი საბანკო აქტივები შეადგენს 37.1%-ს, სასესხო პორტფელი – 38.3%-ს, სადეპოზიტო პორტფელი კი – 39.5%-ს. თიბისი ბანკი ემსახურება საცალო, მიკრო, მცირე, საშუალო და კორპორატიულ სეგმენტსა და 2.3 მილიონზე მეტ მომხმარებელს. თიბისი ბანკს საქართველოს მასშტაბით 7,200 თანამშრომელი ჰყავს. ბანკის ფილიალების რაოდენობა კი 152-ს შეადგენს (თიბისი კრედიტის ჩათვლით).

თიბისი ბანკის აქციები 2014 წლიდან ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

Comments
Loading...