საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციას ახალი ლოგო აქვს

27

დღეს საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის პრესკონფერენცია ჩატარდა, რომელიც 2019 წლის ზამთრის სეზონზე დაგეგმილ ღონისძიებებს მიეძღვნა. მედიას მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს თასის გათამაშების და ევროპის თასის ტურნირის ჩატარების ვადების შესახებ. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას კომპანია “სილქნეტი” ავრცელებს.

ახალ სათხილამურო სეზონს ფედერაცია ახალი ლოგოთი ხვდება, რომელიც ფედერაციის გენერალური სპონსორის კომპანია სილქნეტის საჩუქარია. ლოგოს დიზაინზე ABK communications-მა იზრუნა. ახალი სიმბოლოს მთავარი ინსპირაცია კავკასიონის მთათა სისტემაა, კერძოდ თეთნულდი – უშბა, ასევე საქართველოს სამთო კურორტები.

ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა 2019 წელი, რადგან გუდაური საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) ეგიდით გამართულ შეჯიბრებასა და ევროპის თასის ჩემპიონატს ფრისტაილსა და სნოუბორდში უმასპინძლებს. აღნიშნული შეჯიბრებები ერთგვარი სამზადისია მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს, ორ დისციპლინაში გაიმართება გუდაურსა და ბაკურიანში.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, 2018-2019 წლის ზამთრის სეზონისთვის მზადება საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციამ ზაფხულიდან დაიწყო. საქართველოს ნაკრები ზაფხულსა და შემოდგომაზე შვეიცარიის ცნობილ კურორტზე – სას ფეში ემზადებოდა, სადაც ქართველმა მოთხილამურეებმა წარმატებულად იასპარეზეს და მსოფლიო რეიტინგი გაიუმჯობესეს.

რაც შეეხება საქართველოს თასის გათამაშების ეტაპებს, ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ:

საქართველოს ეროვნული და ბავშვთა ნაკრები გუნდები, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და აჭარის სპორტ-სკოლის სპორტსმენები. საქართველოს თასის პირველი ეტაპი მესტიაში ჩატარდა. შემდეგ ეტაპებს უმასპინძლებს – ბაკურიანი 19-20 იანვარი, გუდაური 1-2 თებერვალი, და 3-4 აპრილი;

20 იანვარს ტრადიციულად გაიმართება თოვლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძის უღელტეხილზე.

2019 წლის ეტაპები საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი კომპანია “სილქნეტის”, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით ტარდება.

Comments
Loading...