საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

14

როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის მფარველობის ქვეშ შექმნილი ორგანიზაცია, “საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია” ცდილობს საავტორო უფლებების სფეროში ალტერნატივის შექმნას – ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია ავრცელებს.

“გამომდინარე იქიდან, რომ ეს მცდელობა ეწინააღმდეგება კანონს, ისინი მიმართავენ დეზინფორმაციის გზას და ცდილობენ ასოციაციის დისკრედიტაციას, კერძოდ:

ავტორებში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს რუსეთის ავტორთა საზოგადოებამ (RAO) ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენს ასოციაციაში გადმორიცხა მათი კუთვნილი რამდენიმე მილიონი ლარის ჰონორარი, რომელიც ადრესატამდე არ მისულა. გვსურს, თვალაჩინოებისთვის, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ საჯარო ინფორმაცია, რომელიც ასევე ასახულია ჩვენს ყოველწლიურ ანგარიშებში. ნაცვლად მათ მიერ დასახელებული რამდენიმე მილიონისა, ბოლო 5 წლის განმავლობაში RAO-ს სულ გადმორიცხული აქვს 140 670.9 ლარი (2014 წელს – 12 242.54 ლარი, 2015 წელს – 15 642.58 ლარი, 2016 წელს – 58 090.47ლარი, 2017 წელს – 28 026.81 ლარი და 2018 წელს – 26 668.5 ლარი) და ეს ჰონორარი მთლიანად გადახდილია ქართველი ავტორებისთვის.

ასევე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს RAO-მ, 2019 წლის 8 მარტს ჩვენთან შეწყვიტა ხელშეკრულება და გააფორმა მათთან, რაც წარმოადგენს მორიგ სიცრუეს. როგორც RAO-სთან არსებული ხელშეკრულებით, ასევე საერთაშორისო რეგულაციებით, ხელშეკრულების შეწყვეტა დაუშვებელია ამისთვის შესაბამისი საფუძვლების არსებობის გარეშე, ასეთი საფუძვლები კი ბუნებაში არ არსებობს. ამის შესახებ წერილობით ეცნობა RAO-ს და მათგან პასუხი დღემდე არ მიგვიღია. შესაბამისად, RAO-ს მხოლოდ ჩვენს წინაშე ეკისრება რუსეთის ტერიტორიაზე ქართველი ავტორებისთვის ჰონორარის შეგროვების ვალდებულება და სხვასთან ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება არ გააჩნია.

და ბოლოს, ეს ორგანიზაცია ჰპირდება ავტორებს, რომ გადაუხდის RAO-ს მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში მათთვის შეგროვებულ ჰონორარს. აღნიშნული დაპირება ატარებს მოსყიდვის ნიშნებს და ეწინააღმდეგება კანონს. ასეთი ანაზღაურების შემთხვევაში ეს იქნება დაუსაბუთებელი წარმომავლობის ფული, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გასულ წლებშიც და ახლაც, RAO-ს, ქართველ ავტორთა კუთვნილი ჰონორარის გადახდის ვალდებულება ეკისრება მხოლოდ ჩვენს წინაშე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ მივმართოთ ავტორებს, არ აჰყვნენ გავრცელებულ დეზინფორმაციას და თავი შეიკავონ “საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციასთან” ურთიერთობისგან, მითუმეტეს მათგან ჰონორარის სახით ფულადი ანაზღაურების მიღებისგან.” – ნათქვამია განცხადებაში.

Comments
Loading...