საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტზე მოლაპარაკებები გაიმართა

7

14-15 მაისს თბილისში საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.

საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმება ორივე ქვეყნის ინვესტორებს ერთმანეთის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელებაში დაეხმარება, ასევე ხელს შეუწყობს სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, კერძო კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას, მხარეთა ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას. აღნიშნული პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებას.

მოლაპარაკებების ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებულ ტექსტს განხილული საკითხებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ და დასახეს შემდგომი ნაბიჯები შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებების დასრულების მიზნით.

Comments
Loading...