საფრანგეთმა რუსეთში სავაჭრო წარმომადგენლობის სამსახური დახურა

78

საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დახუროს საფრანგეთის საელჩოს სამსახური, რომელიც რუსეთში სახელმწიფო ორგანიზაცია Business France-ის (ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების წარმომადგენელია) საქმიანობას უზრუნველყოფს.

გადაწყვეტილება ძალაში 16 ივლისს შევიდა, მას მერე, რაც რუსეთის ხელისუფლებისგან გავრცელდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ორგანიზაციას აღარ აქვს უფლება, გააგრძელოს საკუთარი საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე საფრანგეთის კანონმდებლობის ფარგლებში. როგორც საელჩოში აცხადებენ, ამან წერტილი დაუსვა ორ ქვეყანას შორის გრძელვადიან მოლაპარაკებებს Business France-ს სტატუსის შესახებ. საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, ბიურო დიპლომატიური სტრუქტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

საფრანგეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთში Business France-ის საქმიანობის პირობები მკვეთრად გაუარესდა. კერძოდ, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე, ფრანგული მხარის განცხადებით, უკანონო დაკავებები განხორციელდა. ამის გამო კი, რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ორგანიზაციის დირექტორი გააძევა, რომელსაც დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა.

ამასთან, დიპლომატები აცხადებენ, რომ Business France გააგრძელებს საკუთარ საქმიანობას რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა არასახელმწიფოებრივი პარტნიორის სტატუსით.

Comments
Loading...