საპროტესტო აქციების ფონზე, ჰონგ-კონგის ეკონომიკა 2019 წლის III კვარტალში 3,2%-ით შემცირდა

3

2019 წლის III კვარტალში, ჰონგ-კონგის ეკონომიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,2%-ით შემცირდა. ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლება იტყობინება.

ქვეყნის მშპ მცირდება უკვე მეორე კვარტალია (აპრილ-ივნისში ვარდნის მაჩვენებელი 0,4% იყო) და ჰონგ-კონგის ეკონომიკა რეცესიის ფაზაშია.

Bloomberg-ი წერს, რომ III ვარდნა გაცილებით დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ეკონომისტების უმრავლესობა ვარაუდობდა. ჰონგ-კონგის ეკონომიკის ასეთი ძლიერი ვარდნა არ დაფიქსირებულა 2009 წლიდან მოყოლებული, როდესაც მსოფლიოს განვითარებული ფინანსური სისტემის მქონე ბევრი ქვეყანა მსოფლიო ფინანსურ კრიზისში იყო. სწორედ 2009 წელს იყო, როდესაც ჰონგ-კონგის ეკონომიკა რეცესიას განიცდიდა.

ქვეყნის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკონომიკის ვარდნა გამოწვეულია მსოფლიო ეკონომიკური ზრდის შენელებით, აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო ომით, აგრეთვე ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებით, რომლებიც ახლაც გრძელდება. მათ 2003 წლიდან მოყოლებული, ქვეყნის მომსახურების სფეროში ყველაზე ძლიერი ვარდნა გამოიწვია, აგრეთვე სამომხმარებლო განწყობის გაუარესება. პირველად, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ქვეყანაში პირველად შემცირდა საყოფაცხოვრებო ხარჯები და ინვესტიციების ვარდნის მაჩვენებელი აჩქარდა.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მას მერე დაიწყო, რაც შემუშავდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ჰონგ-კონგის ხელისუფლებას ჩინეთისთვის ეჭვმიტანილების გადაცემის უფლება ენიჭებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ აღნიშნული კანონპროექტი უკან გაიხმეს, საპროტესტო აქციები არ შეწყდა და მონაწილეებმა პოლიტიკური რეფორმები მოითხოვეს. ჰონგ-კონგში აღნიშნული საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება. მორიგი აქცია 31 ოქტომბრის თარიღით არის ჩანიშნული.

Comments
Loading...