სამშვილდის ნაქალაქარზე არქეოლოგიური გათხრები “არემჯის” მხარდაჭერით მიმდინარეობს

13

სამშვილდის ნაქალაქარის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, არქიტექტურულ კომპლექსზე სამეცნიერო კვლევა-ძიების სამუშაოები დღეს კომპანია “არემჯის”, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრებმა ერთობლივად მოინახულეს.

ადგილზე არქეოლოგიური გათხრები, 2017 წელს კომპანია “არემჯის”, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა საქართველოს საპატრიარქოს 5 ეპარქიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, პოპულარიზაციის და მოვლა-პატრონობის მიზნით მხარების ურთიერთანამშრომლობას ითვალისწინებს.

სამეცნიერო სამუშაოები ადგილზე 2018 წელს დაიწყო და 2022 წლამდე გაგრძელდება. სამშვილდეში სამეცნიერო-კვლევა-ძიების პროცესს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის – პროფესორ გოდერძი ნარიმანიშვილის ხელმძღვანელობით კომპანია “სიძველეთა დაცვისა და შესაწვლის ცენტრი – თრიალეთი” ახორციელებს.

2019 წელს დაგეგმილი სამუშაობის ციკლი არქიტექტურული კომპლექსის 2 უბანს მოიცავს. ნაქალაქარის ციტადელის მთავარი კარიბჭის მიმდებარედ, არქეოლოგიური ძიების შედეგად ქალაქის გალავნის დღემდე უცნობი თავდაცვითი კედელია გამოვლენილი და ის სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. არქეოლოგების მიერ გაითხარა XVIII საუკუნის წყალსადენის ერთი მონაკვეთი და აკვედუკის ნაწილი. სამეცნიერო კვლევის მეორე უბანზე გაჭრილ სადაზვერვო თხრილში გამოვლენილია სათონეს ერთი მონაკვეთი. ბაზალტის ქვით ნაგები სამეურნეო ნაგებობის აღმოჩენილი კედლები მის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებს წარმოადგენს, რომლის შიგნით თონე და სამეურნეო ორმოები დაფიქსირდა. არქეოლოგების წინასწარი დასკვნებით, სათონე XII-XIII საუკუნეებით თარიღდება.

2019 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის მე-2 ეტაპი სამშვილდის ნაქალაქარზე სექტემბრის თვეში გაგრძელდება და ის ციტადელის გალავნის სამხრეთი ნაწილის მიმდებარე არეალს მოიცავს.

Comments
Loading...