- Advertisement -

სამეგრელოში საცხენოსნო დოღი “ანაკლიის თასი 2018” ჩატარდა

7

29 სექტემბერს სამეგრელოში, სოფელ ინგირში, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ორგანიზებით საცხენოსნო დოღი “ანაკლიის თასი” გაიმართა.

დოღში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა და საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, სამეგრელოს რეგიონის მაცხოვრებლები და სხვა სტუმრები. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

“ანაკლიის თასი 2018-ის” საპრიზო ფონდი 25 ათას ლარს შეადგენდა. დოღი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა, მათ შორის, ქართული ჯიშის ცხენებს, ინგლისური ჯიშის ორწლიან ცხენებსა და ინგლისური ჯიშის სამწლიან ცხენებს შორის.

დოღის ასპარეზობებს შორის ცხენოსნები ერთმანეთს სხვადასხვა საცხენოსნო თამაშებში, მათ შორის ცხენბურთში შეეჯიბრნენ, რაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ქართული ტრადიციული თამაშის გახსენებასა და აღდგენას ემსახურებოდა.

სხვადასხვა კატეგორიაში, დოღში პირველი ადგილები მოიპოვეს მხედრებმა: თორნიკე თოდრიამ, საბა ეხვაიამ და აზერო ალიევმა. საპატიო პრიზი გადაეცა დოღის უხუცეს მონაწილეს, 72 წლის პავლე კაპანაძეს.

საპრიზო ფონდი სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებულებზე გადანაწილდა. ასევე, გამარჯვებულებს მისი დამზადებული საათები გადასცა ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ.

2018 წლიდან “ანალკლიის თასი” ყოველწლიური გახდება და საერთაშორისო მასშტაბს მიიღებს.

“ცხენოსნობა მხოლოდ სპორტი არ არის. ის ჩვენი ხასიათი, კულტურა და ტრადიციაა. ადრე ენგურის ხიდთან ყოველწლიურად იმართებოდა ქართველი და აფხაზი ცხენოსნების შეჯიბრი. ჩვენი მიზანია აღვადგინოთ საერთო კავკასიური და ქართული მხედრული ტრადიციები, მხარი დავუჭიროთ ქართული საცხენოსნო სკოლის განვითარებასა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე გატანა ვცადოთ,” – განაცხადა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ერთად საცხენოსნო შეჯიბრის მხარდამჭერები “თიბისი ბანკი”, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი იყვნენ.

Comments
Loading...