საერთაშორისო კომპანია “ბოლტი” ტაქსებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

15

ტაქსების გამოძახების სერვისი Bolt-ი, თბილისში, ტაქსების რეგულაციების ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოებაში გაიზარდა ინტერესი ტაქსების ინდუსტრიასთან დაკავშირებით რაც განპირობებული იყო რეგულაციების მეორე ფაზის ამოქმედებით. ინტერესი კონკრეტულად მომსახურების ფასის ზრდასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეზიარებინა ჩვენი დაკვირვება.

რა თქმა უნდა, 1 ოქტომბრიდან ჯერ ცოტა დროა გასული იმისთვის რომ ურყევი დასკვნები გამოვიტანოთ. თუმცა, პირველი რამდენიმე დღის დაკვირვებით შემდეგი ტრენდები შევამჩნიეთ:

1) მგზავრობის საშუალო ფასმა 1-2 ოქტომბერს, წინა კვირის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 5%-ით მოიმატა, თუმცა მომატებული ფასის პირობებში უფრო მეტი მძღოლი ჩაერთო აპლიკაციაში და საშუალო ფასი 3-4 ოქტომბერს ისევ წინა კვირის ნიშნულს დაუბრუნდა.

2) ქალაქში ავტომობილით გადაადგილების სისწრაფემ მოიმატა. წინა კვირის იგივე დღესთან შედარებით მთელი დღის განმავლობაში ჩვენი პარტნიორი მძღოლების მიერ 1 წუთში დაფარული მანძილი 3-5%-მდე გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს რომ გზებზე გამტარიანობა გაიზარდა.

3) საგრძნობლად შემცირდა პარტნიორი მძღოლების უმგზავროდ გადაადგილება. მას შემდეგ, რაც B კატეგორიის ტაქსებს ქუჩაში მგზავრის აყვანა აეკრძალათ, ჩვენი მძღოლების უმეტესობა მგზავრობის დასრულებისთანავე ახდენს პარკირებას შემდგომ გამოძახებამდე.

Bolt ოპერირებს 30-ზე მეტ ქვეყანაში და ჩვენი გამოცდილებით, ასეთი მცირე მასშტაბის ფასის გადახრები ხშირია სხვა ქალაქებშიც და შეიძლება ბევრ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული (მათ შორის ამინდზე, გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება/დამთავრებაზე, და ა. შ.). ამიტომ, ვვარაუდობთ რომ რეგულაციის მეორე ფაზაში გადასვლას მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენს (B კატეგორიის ტაქსების) ბაზარზე არ გამოუწვევია.

ისიც გვესმის, რომ პიკის საათებში, როდესაც მოთხოვნა უკიდურესად გაზრდილია, ერთეულ მგზავრებს შეიძლება მგზავრობის ფასი საგრძნობლად გაეზარდოთ. თუმცა, ეს ახალი მოვლენა არ არის და დინამიური საფასო სისტემა ბოლოს ამოქმედებულ რეგულაციამდეც მოქმედებდა და არ უკავშირდება ამ უკანასკნელს. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმაზე რომ მეტი მძღოლი დავამატოთ ჩვენს სისტემაში და საკმარისად წავახალისოთ ისინი რათა პიკის საათში ყველას მოთხოვნა დისკომფორტის გარეშე დავაკმაყოფილოთ.“ – აცხადებს „ბოლტის“ გუნდი.

Comments
Loading...