როდის იწყებს Georgian Airways-ი ფრენებს და რა ეღირება ბილეთები

7

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დირექტორს ერთობლივი, წარმატებული გუნდური მუშაობისთვის. ეროვნულმა ავიახაზებმა Georgian Airways-მა ღირსეულად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა ჩვენი თანამემამულეების საქართველოში დასაბრუნებლად” – განაცხადა Georgian Airways-ის დირექტორმა რომან ბოკერიამ “აიპრესთან” ინტერვიუში. როდიდან იწყებს ავიაკომპანია რეისების აღდგენას და რა ეღირება ბილეთი? ამის შესახებ რომან ბოკერია გვესაუბრა.

რომან ბოკერიას განცხადებით: ჯორჯიან ეარვეისი გეგმავს, განახორციელოს რეგულარული რეისები ყველა იმ მიმართულებებით, სადაც დავფრინავდით პანდემიის დაწყებამდე. აღსანიშნავია, რომ ჩვენ წარმატებით ვითანამშრომლეთ სახელმწიფო გუნდთან, კერძოდ ეკონომიკის სამინისტროსთან, ტურიზმის განვითარების ეროვნულ სააგენტოსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ჩვენი თანამემამულეების საქართველოში დაბრუნების უზრუნველყოფის საქმეში. დღეის მდგომარეობით, უკვე განხორციელდა 32 სპეციალური რეისი და სადღაც 3 500-3 700-მდე საქართველოს მოქალაქე ჩამოვიყვანეთ საქართველოში.

რაც შეეხება მიმართულებებს, საუბარია ყველა იმ ქვეყანაზე, სადაც ჩვენ დავფრინავდით. ეს არის საფრანგეთი – პარიზი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი, პრაღა, ბარსელონა, ბრიუსელი, ისრაელი…

მაგრამ აქ ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველ ივლისს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ველოდებით ტურისტებს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ, უნდა იყოს მეორე მხრიდანაც მზადყოფნა, იმ ქვეყნებშიც უნდა იყოს აეროპორტები გახსნილი იმისათვის, რომ ჩავფრინდეთ, წამოვიყვანოთ ჩვენი მგზავრები, დავაბრუნოთ უკან.

შესაბამისად, თუ იმ ქვეყნებშიც იქნება მზადყოფნა, ყველა ამ მიმართულებას ავამოქმედებთ. თუ დავუშვათ, რომელიმე მიმართულებასთან დაკავშირებით არ იქნება ქვეყანა მზად, დაველოდებით როდის გაიხსნება ეს ქვეყანა.

მინდა მხარი ავუბა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც განაცხადა, რომ თავიდან უნდა მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის რეკლამირება. თავიდან უნდა მოხდეს რეკლამირება არამარტო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძირძველი ქრისტიანული რელიგიის, კულტურის, ისტორიის მქონე ქვეყანის, შესანიშნავი ღვინით, შესანიშნავი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციებით, შესანიშნავი ბუნებით, კლიმატით, ჩვენი კულინარიით, არამედ, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსითაც.

დამატებით ფაქტორად გამოიკვეთა კორონავირუსის ძალიან დაბალი დონე მსოფლიო სტანდარტთან შედარებით. მინდა დავიმოწმო ევროგაერთიანების ელჩი საქართველოში, რომელმაც ხაზგასმით და ღიად დააფიქსირა ის პოზიცია, რომ საქართველო არის ყველაზე სასურველი ადგილი მსოფლიოში, სადაც შეიძლება ეს კორონავირუსის კრიზისი გადაიტანოს კაცმაო.

რაც შეეხება ბილეთების ღირებულებას, რომან ბოკერიას თქმით, გარკვეულწილად ეს დამოკიდებული იქნება იმაზეც, თუ რა პოლიტიკა ექნება სახელმწიფოს კოვიდის კრიზის შემდგომ ავიაკომპანიებთან მიმართებაში.

Comments
Loading...