რიჟვაძე: ბოლო 1 წელში აჭარის საინვესტიციო პორტფელი 1 მილიარდი ლარით გაიზარდა

10

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში ჩააბარა. რიჟვაძემ ანგარისის წარდგენისას იმ მიღწევებსა და საქმიანობაზე ისაუბრა, რაც ამ პრიოდში მოასწრო:

“აჭარაში საინვესტიციო-საპრივატიზაციო პროცესის ეფექტურად განხორციელების და სრულყოფის მიზნით, აჭარის მთავრობის განკარგულების ფარგლებში ინვესტიციების ხელშეწყობის ახალი წესი ამოქმედდა.

წესის მოქმედება იმ ინვესტორების მიმართ ვრცელდება, რომლებსაც ხელშეკრულებით ნაკისრი აქვთ შესაბამისი ვალდებულებები და მიმართავენ სამინისტროს პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის (პირგასამტეხლოს გარეშე) ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

აღნიშნული რეგულაციის ფარგლებში 35 საინვესტიციო პროექტი უკვე განახლდა, რომელთა განსახორციელებელი ჯამური ინვესტიცია 220 250 000 ლარს და 165 250 000 დოლარს შეადგენს. კომპანიების მიერ წარმოდგენილია საბანკო გარანტია – 2 449 981 ლარი და 357 000 დოლარი.

ბოლო 1 წელში აჭარის საინვესტიციო პორტფელი 1 მილიარდი ლარით გაიზარდა.

ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით აჭარაში ეკონომიკური ობსერვატორია ფუნქციონირებს. პროგრამის მისიაა აჭარის ა.რ სამთავრობო უწყებების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობა საჯარო პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელების და შედეგების შეფასების პროცესში. პროგრამა ახალი საბიუჯეტო პროგრამის ინიცირების დროს, კონკრეტული პროგრამის საჭიროების კვლევის ჩატარებას და რეკომენდაციების მომზადებას ითვალისწინებს”, – განაცხადა თორნიკე რჟვაძემ.

Comments
Loading...