რევაზ კოპალაძე: კომუნიკაციების კომისიამ იცის, რომ არ შეგვიძლია ვიმოქმედოთ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც სხვა იურისდიქციაში გარიგებას აწარმოებენ

15

კომუნიკაციების კომისიამ იცის, რომ კომპანიის მენეჯმენტს, მის გენერალურ დირექტორს არანაირი შესაძლებლობა აქვს რაღაც ზემოქმედება მოახდინოს ფიზიკურ პირებზე, რომლებიც სხვა ქვეყანაში, სხვა იურისდიქციაში გარიგებას აწარმოებენ, – ამის შესახებ “კავკასუს ონლაინის” გენერალურმა დირექტორმა, რევაზ კოპალაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში”, კომპანიისა და კომუნიკაციების კომისიის დავის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

„კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელი კომპანიები ძალიან დიდი ხანია, არ შეცვლილან, ისინი არიან ის კომპანიები, რომლებიც ყოველთვის იყვნენ, უბრალოდ შეიცვალა ერთ-ერთი ამ კომპანიის ბოლო ბენეფიციარი, ფიზიკური პირი.

„კავკასუს ონლაინს“ სასამართლოში აქვს გასაჩივრებული ვალდებულება იმისა, ჰქონდა თუ არა ასეთი ვალდებულება წინასწარ შეტყობინების, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ გვქონდა ეს შეტყობინების ვალდებულება.

„კავკასუს ონლაინის“ მენეჯმენტს არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს, რაღაც გავლენა მოახდინოს, ან ინფორმაცია მოიპოვოს სხვა ქვეყნის იურისდიქციაში ფიზიკურ პირებს შორის მომხდარი გარიგების შესახებ, ამავდროულად, ან ინფორმაციის მოწოდება არ ხდება ავტომატურად, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი არის ასეთი, როდესაც კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ მომართა, განეახლებინა ინფორმაცია ბენეფიციარების შესახებ, ჩვენ ეს არ ვიცოდით, მაგრამ მივწერეთ ჩვენს დამფუძნებელ კომპანიებს, რომ ბოლო ბენეფიციარების დონეზე ხომ არ მოხდა გარკვეული ცვლილებები და ყოველგვარი შეყოვნების და შეფერხების გარეშე ჩვენ მივიღეთ ეს ინფორმაცია, რომ მოხდა ეს ცვლილება და კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარვადგინეთ ეს ინფორმაცია, ჩავაბარეთ ყველა საბუთი, რომელიც არის კანონით მოთხოვნილი და ამის საფუძველზე დაიწყო კომისიამ…

ეს მოთხოვნა, სამართლებრივი ვალდებულება ნამდვილად არსებობს, თუმცა ყველამ იცის ეს, თვითონ კომუნიკაციების კომისიამაც, რომ კომპანიის მენეჯმენტს, მის გენერალურ დირექტორს არანაირი შესაძლებლობა აქვს რაღაც ზემოქმედება მოახდინოს ფიზიკურ პირებზე, რომლებიც სხვა ქვეყანაში, სხვა იურისდიქციაში გარიგებას აწარმოებენ.“ – აცხადებს კოპალაძე გადაცემის ეთერში.

ცნობისთვის, 25 ივნისს, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კიდევ ერთხელ იმსჯელებს „კავკასუს ონლაინის“ საკითხზე. დიდი ალბათობით, სწორედ ამ დღეს გადაწყდება ჩამოართმევენ თუ არ კომპანიას ლიცენზიას იმ ხარვეზის გამო, რომელიც მას 2019 წელს დაუფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ გარდა იმისა, რომ ხარვეზის გამო კავკასუს ონლაინმა ჯარიმა გადაიხადა, კომუნიკაციების კომისიას სადავო საკითხზე ამომწურავი ინფორმაციაც მიაწოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მარეგულირებელმა გადაწყვიტა, რომ ეს საკმარისი არ იყო.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენს ინტერნეტის უმსხვილეს საბითუმო მომწოდებელს რეგიონში და საკუთარი ინფრასტრუქტურის საშუალებით, შუამავლების გარეშე, პირდაპირაა დაკავშირებული ევროპის – ფრანკფურტისა და სოფიის – ე.წ ინტერნეტის (მონაცემების) გაცვლის ცენტრებთან. „კავკასუს ონლაინი“ უზრუნველყოფს საქართველოში მოხმარებული ინტერნეტის 2/3-ს და ევროპული ინტერნეტით ამარაგებს სომხეთისა და აზერბაიჯანის საცალო ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს. კომპანიის საკუთრებაში არსებული შავი ზღვის ოპტიკური კაბელი საქართველოს ციფრული დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი გარანტია.

Comments
Loading...