რატომ დაიწუნა ჯანდაცვის კომიტეტმა თამბაქოს კანონში შესატანი ცვლილებები

9

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა საქართველოს ბიზნესის ასოციაციის (BAG) მომზადებული „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე საკანონმდებლო წინადადება დაიწუნა.

როგორც ცნობილია, ასოციაცია ე.წ. გასახურებელ თამბაქოზე გამონაკლისის დაშვებას ითხოვდა, BAG-ში მიიჩნევენ, რომ მსგავსი საქონელი ტრადიციული თამბაქოს ნაწარმის ანალოგიურად არ უნდა რეგულირდებოდეს, ამავდროულად უნდა იყოს შესაძლებლობა პროდუქცია მაღაზიების დახლებზე ხილულად გამოჩნდეს.

არგუმენტად ასოციაციას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა მოჰყავდა, სადაც გასახურებელი თამბაქოსთვის გამონაკლისები მოქმედებს.

კომიტეტმა უარზე შესაბამისი არგუმენტიც გამოაქვეყნა. კომიტეტის შეფასებით, ასოციაციის წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ძირითადი პრინციპები გაუგებრად, იწვევს თამბაქოს ახალი ნაწარმისა და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებისათვის რეალიზაციის ან/და განლაგების, ინტერნეტით და ფოსტით საცალო ვაჭრობის, პერსონალური კომუნიკაციის, პოპულარიზაციისა და ქსელური მარკეტინგის განსხვავებულ, საგამონაკლისო, პლივირეგირებული მდგომარეობის მინიჭებას, რაც მათივე მოსაზრებით ეწინააღმდეგება ქვეყანაში ბოლო დროს წარმატებით განხორციელებულ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკას.

კომიტეტი აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეომით, ქვეყანას აქვს კანონმდებლობის რეფორმის დანერგვის 96%-იანი მაჩვენებელი, რასაც თან სდევს მოსახლეობის ფართო ფენების, მ.შ. მწეველთა მხრიდან მხარდაჭერის სანიმუშო მაჩვენებელი.

„ჩვენი მოსახლეობის 86% გამოთქვამს კმაყოფილებას ამ რეფორმის დანერგვის გამო, რაც დასტურდება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების (NDI, IRI) ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვების თანახმად. თამბაქოს კონტროლის სფეროში მსოფლიოში მომუშავე ავტორიტეტულ ორგანიზაციათა მიერ, საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ მიჩნეული ერთ-ერთ ახალი გენერაციის ეფექტურ კანონად, მ.შ. ელ-სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს და თამბაქოს სხვა პროდუქტების მოხმარების, რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორომის შეზღუდვის მიმართულებით“, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

იქვე კომიტეტი დასძენს, რომ კომიტეტს კომუნიკაცია აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის სამდივნოსთან და მათი ექსპერტები არ იძლევიან რეკომენდაციას თამბაქოს ახალი პროდუქტების მარკეტინგთან დაკავშირებული საჭირო კომუნიკაციისა თუ სხვა დამატებითი რეგულირების შემოღების თაობაზე.

Comments
Loading...