პრემიერი: სკარანტინო ზონების გახსნა იყო სწორი გადაწვეტილება, რომელსაც დღეს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია თავის პროტოკოლში იყენებს

15

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე covid19 -ის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ საკარანტინო ზონების იდეა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში დაიბადა და გაამართლა.

პრემიერის განმარტებით, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულ რამდენიმე კვირაში ტაშს უკრავდა და დღეს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია იყენებს თავის პროტოკოლებში.

„არ შემიძლია, არ შევეხო საკარანტინო ზონებს და ამ ნაწილში მინდა, ეკონომიკის სამინისტროს უაღრესად დიდი მადლობა გადავუხადო, ეს იყო იდეა, რომელიც დაიბადა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში, როდესაც ჩვენ ელემენტარულად ვნახეთ, რომ იმპორტირებული ვირუსის გავრცელება ხდებოდა, უზარმაზარი რისკი. შეიძლება დაგვავიწყდა, რადგან ეს ადამიანები უკვე გამოჯანმრთელდნენ და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, გვახსოვს იტალიიდან შემოსული ინფიცირების რაოდენობა და იქ რამდენიმე მსხვილი კლასტერი, საფრანგეთიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, ეს ხალხი ყველა დღეს თავისი, ნორმალური, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს. ეს იყო დამსახურება პირველ რიგში ექიმების.

მაგრამ ეს კლასტერები რომ არ გაზრდილიყო და სწრაფი და რაღაც გაურკვეველი ტესტების პირობებში უფრო დაზღვეული გვქონოდა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, მივიღეთ გადაწყვეტილება საკარანტინო ზონების შექმნის, როგორც ბუფერის. ამ ვირუსს აქვს 14-დღიანი საინკუბაციო პერიოდი და ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულ რამდენიმე კვირაში ტაშს უკრავდა, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია იყენებს თავის პროტოკოლებში, როგორ გახსნას საერთოდ ტურიზმი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, დღევანდელ პლენარულ სხდომას ესწრება საპარლამენტო ოპოზიციაც. კითხვები, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერს უსვამენ, შეეხება ქვეყანაში შექმნილ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმას, მოსახლეობისთვის კომპენსაციის მიცემის წესს და ა.შ.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, მოსალოდნელია, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენისას მწვავე პოლიტიკური დისკუსია იქნება, თუმცა, მიაჩნიათ, რომ ქვეყანამ პანდემიას თავი ღირსეულად გაართვა.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას საპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში ითხოვდნენ, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხელმეორედ გამოცხადდებოდა, მთავრობის მეთაური დეპუტატების წინაშე ანგარიშვალდებული იყო, რომ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

აღნიშნულის გარდა, გიორგი გახარიას დეპუტატების წინაშე საჭირო შეკითვებზე პასუხების გაცემა მიმდინარე კვირაში, მეორედ, 29 მაისს მოუწევს.

პრემიერ- მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით ოპოზიციამ დაიბარა.

Comments
Loading...