პრემიერი: ბიზნესსექტორის განვითარების პარალელურად, მცირდება უმუშევრობის დონე ქვეყანაში

13

“2018 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით, ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილთა რაოდენობამ 684.5 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.7%-ით აღემატება. ეს წინა წელთან შედარებით 24.5 ათასით მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესსექტორის განვითარების პარალელურად, მცირდება უმუშევრობის დონე ქვეყანაში. 2018 წელს უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7% შეადგინა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია”. – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის დოკუმენტში წერია, რომელიც დღეს პარლამენტს წარედგინა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროექტის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, 2018 წლის განმავლობაში სულ მხარდაჭერილია 1008 პროექტი, რომელთა განხორციელების შედეგად, შეიქმნება 10,770-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. 2019 წელს, მარტის მდგომარეობით კი, მხარდაჭერილ იქნა 23 პროექტი, რაც დამატებით 1,300-ზე მეტი დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნას გულისხმობს.

“თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა” – ამ სახელწოდების არის პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც პარლამენტს დღეს გადაეგზავნა. პრემიერ-მინისტრის ანგარიში 212 გვერდისგან შედგება. პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი აღნიშული ანგარიშით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების წინაშე წარდგება.

Comments
Loading...