პომპეო: სანქციების მიუხედავად, “როსნეფტი” PDVSA-სგან ნავთობის შეძენას აგრძელებს

2

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, რუსეთი და კუბა ვენესუელაში კრიზისის შექმნას ხელს უწყობენ, ხოლო სანქციების მიუხედავად, “როსნეფტი” PDVSA-სგან ნავთობის შეძენას აგრძელებს, – ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

“რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობკომპანია “როსნეფტი” ვენესუელის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია PDVSA-სგან ნავთობის შეძენას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამ სანქციები დააწესა. “როსნეფტის” ხელმძღვანელი იგორ სეჩინი სამაშველო რეჟიმს აგრძელებს”, -განუცხადა პომპეომ ჟურნალისტებს.

რა მოცულობის ნავთობზეა საუბარი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია.

აშშ-ს განცხადებებს ჯერჯერობით “როსნეფტი” არ გამოხმაურებია.

შეერთებულმა შტატებმა PDVSA- ს წინააღმდეგ სანქციები 28-29 იანვარს დააწესა. ვენესუელის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია ასევე ამერიკულ ჰოლდინგ Citgo Petroleum- ს ფლობს, მისი სამი ქარხნის სიმძლავრე დღეში 749 ათასი ბარელია.

Comments
Loading...