პოლონეთი უკრაინას აშშ-სგან მიღებულ ბუნებრივ აირს მიყიდის

5

2019 წლის ბოლოსთვის პოლონური კომპანია PGNiG უკრაინას აპირებს მიაწოდოს ბუნებრივი აირი, რომელიც აშშ-სგან მიღებული თხევადი გაზისგან მიიღო.

კომპანია „უკრაინის ენერგეტიკული რესურსების“ პრეზიდენტის განცხადებით, ბუნებრივი აირის მიწოდება იქნება ნამდვილი გარღვევა „აშშ-დან უკრაინაში გაზის მიწოდების ტრანსატლანტიკური დერეფნის“ შექმნის საკითხში.

PGNiG აშშ-დან თხევად ბუნებრივ აირს იღებს, შემდეგ კი ეს გაზი მიაქვს ლეხ კაჩინსკის სახელობის ტერმინალში, რომელიც ბალტიის ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს. იქ კი თხევადი ბუნებრივი აირი კვლავ გადაჰყავთ აირისებურ მდგომარეობაში და გაზსადენების სისტემის მეშვეობით კვლავ ხდება მისი ტრანსპორტირება.

PGNiG-ს შეუძლია, თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინოს კონკურენტული პირობებით საიმედო მიმწოდებლებისგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის მოლოდინებია, რომ 2020 წელს ლეხ კაჩინსკის სახელობის ტერმინალი ბუნებრივი აირით დატვირთულ 39 ხომალდს მიიღებს.

სამომავლოდ კი, გაზს, რომელსაც პოლონეთი აშშ-სგან მიწოდებული თხევადი ბუნებრივი აირის გადამუშავებისგან იღებს, პოლონეთმა შესაძლოა მიაწოდოს ისეთ ქვეყნებს, როგორი არის უნგრეთი, რუმინეთი და მოლდოვა.

Comments
Loading...