პოლონეთის პრემიერი: არავის სჯერა, რომ Nord Stream-2 მხოლოდ ბიზნეს პროექტია

11

ჰამბურგში გამართულ კონფერენციაზე პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ გაზსადენ Nord Stream-2-ის მშენებლობის დასრულების შემდეგ, რუსეთს უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემა აღარ დასჭირდება,-ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო PAP ავრცელებს.

პოლონეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ იცის გერმანიის მთავრობის პოზიცია, რომ Nord Stream-2 მხოლოდ ბიზნეს პროექტია.

“მაგრამ არავის სჯერა ამის”,- განაცხადა მან.

“გაგიკვირდებათ, მაგრამ ახლა ლენინის სიტყვების ციტირებას მოვახდენ. ერთხელ მან თქვა, კაპიტალისტები იმდენად ხარბები არიან, რომ ყველაფერს ყიდიან… ევროპელები რუსეთს ბუნებრივი აირისთვის საფასურს უხდიან. ამ ფულთან ერთად ისინი აძლიერებენ თავიანთ არმიას და ჩვენ ახლა ამერიკელებს ვთხოვთ, რომ დაგვიცვას. ამის შესახებ ლენინმა ისაუბრა”, – განმარტა პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.

მორავეცკიმ ასევე აღნიშნა, რომ “თავისუფალი სამყაროს ძალებმა” რუსეთი და ჩინეთი უნდა შეაკავონ.

ამავე დროს, ის სკეპტიკურად უყურებს ერთიანი ევროპული არმიის შექმნის იდეას, რაც მისი თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ თუ პოლონეთი თავდაცვის სფეროში მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ხარჯავს, გერმანიის, საფრანგეთისა და ესპანეთის შემთხვევაში, ეს მაჩვენებლები გაცილებით დაბალია.

პოლონეთის პრემიერმინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საშუალო და მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებას ტოვებს. მისი განმარტებით, სწორედ ამიტომ აუცილებელია ახალი ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც არა მხოლოდ მოსკოვს, არამედ ჩინეთს მოიცავს.

Comments
Loading...