პასტერიზაციას არ გააჩნია ალტერნატივა – რა უნდა გავითვალისწინოთ რძისა და რძის პროდუქტების შეძენისას

8

სურსათის უვნებლობა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მსოფლიო და მათ შორის საქართველო ახალი კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. ამ დრო კი თითოეული კომპანიის ვალდებულებაა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვა.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” (CSRDG) მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელის ვახტანგ კობალაძის თქმით, მნიშვნელოვანია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უფრო დიდი მასშტაბით განახორციელოს სურსათზე კონტროლი, ვიდრე დღეს მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მოხდეს სურსათის კონტროლი, თუმცა სურსათის ეროვნულ სააგენტოს არ ყოფნის ადამიანური რესურსი უფრო დიდი მასშტაბის კონტროლის განხორციელებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა კონტროლის მასშტაბი, ეს ჩვენი პირობებიდან  გამომდინარე მაინც არ არის საკმარისი. ძალიან დიდი ხანია რაც საქართველოში არ მიმდინარეობდა სრული კონტროლი და აქედან გამომდინარე, ბევრი დარღვევაა.“

კობალაძე მიიჩნევს, რომ ის ჯარიმები და სანქციები რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო აწესებს, არ არის საკმარისი დარღვევების აღსაკვეთად. ამასთან, საუბრობს გარევაჭრობაზე, რომელიც სრულიად უკონტროლოა.

„ჯარიმები და სანქციები იმდენად მკაცრი არ არის რომ მოტივაცია გაუქრეს მეწარმეებს, შეუმციროს იმის მოტივაცია რომ  ამ დარღვევებზე არ წავიდეს.

ამას ემატება გარევაჭრობა, რომელიც ვერ კონტროლდება სააგენტოს მხრიდან. რეალურად არავინ არ აკონტროლებს და უკანონო ვაჭრობა მიმდინარეობს.“

მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მომხმარებელიც ცოდავს თავის მხრივ, როდესაც იმ პროდუქტს ყიდულობს, რომელიც არასათანადო პირობებშია განთავსებული, თუნდაც გარევაჭრობისას.

„რძის პროდუქტები შესაბამის ტემპერატურულ რეჟიმზე უნდა იყოს შენახული. ნებისმიერი მალფუჭებადი პროდუქტი უნდა იყოს შესაბამის ტემპერატურულ რეჟიმზე.

მომხმარებელიც ცოდავს, მაშინ, როდესაც ასეთ პროდუქტს ყიდულობს. ფაქტობრივად რისკის ქვეშ იგდებს საკუთარ სიცოცხლეს, როდესაც ამგვარ  პროდუქტს ყიდულობს.

უმი ხორცი და რძის პროდუქტები არ არის მიზანშეწონილი ერთად იყოს. რა თქმა უნდა, შეუფუთავი რძის პროდუქტი უფრო მეტად არის რისკის შემცველი, ვიდრე შეფუთული. შეუფუთავი რძის პროდუქტის დაბინძურება უფრო მარტივად ხდება.

თუნდაც, თავი რომ დავანებოთ იმას, რამდენად არის სუფთად წარმოებული. არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც რძის პროდუქტის სახელით იყიდება, მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტი, რომელიც არ არის რძის პროდუქტი“

ვახტანგ კობალაძე განმარტავს რომ დღეს, რძის პროდუქტების ნდობა რთულია და მომხმარებელს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

„პასტერიზაცია, რძის მაღალ ტემპერატურაზე დამუშავება ხდება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ რძის მიკროორგანიზმებით დაბინძურება დაავადებები  და თუ რამეა რძეში, მოისპოს. ჩვენ პირობებში როდესაც, სამწუხაროდ, რძის პროდუქტის ნდობა რთულია, წარმოების პირობები ხშირად არ არის დაცული, პასტერიზაციას არ გააჩნია ალტერნატივა. ეს ყველაფერი მოწესრიგდება, თუმცა, ამას წლები დასჭირდება.

მომხმარებლებმა არ იყიდონ რძის პროდუქტები საეჭვო ადგილებში, ქუჩებში, იქ სადაც არ არის სათანადო ტემპერატურული რეჟიმი დაცული. თუ რძის პროდუქტი არის ეტიკეტირებული  აუცილებლად მიაქციონ ყურადღება ეტიკეტზე წარწერას, როგორც გითხარით ხშირად მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტი იყიდება როგორც  რძის პროდუქტი – ფალსიფიცირება ხდება.  დააკვირდით  რძის ნაწარმების შემადგენლობას“.

Comments
Loading...