- Advertisement -

ოქტომბრის თვეში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი შემცირდა

5

შაქრის მზარდი ფასები, სხვა ძირითადი საექსპორტო პროდუქტების მდიდარი მარაგით ბალანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას FAO ავრცელებს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის -FAO-ს ცნობით, შაქრის ფასის მზარდ ტენდეციას, რძის პროდუქტებზე, ხორცზე და მცენარეულ ზეთზე ფასების – კლება აკომპენსირებს.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, ოქტომბრის თვეში საშუალოდ 163.5 ქულა შეადგინა, რაც 0.9%-ით ნაკლებია სექტემბრის თვის მონაცემთან შედარებით, ხოლო 7.4%-ით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.

FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 4.8 პროცენტით, ხოლო 2014 წლის პიკთან შედარებით – 34 პროცენტითაა დაკლებული. ფასის ვარდნა, გამოწვეულია რძისა და რძის პროდუქტების მიწოდების ზრდით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი იმპორტის ზრდით ახალი ზელანდიიდან.

სექტემბრის თვესთან შედარებით, 2.0%-ით დაკლებულია FAO-ს ხორცის ფასის ინდექსიც. ბატკნის, საქონლისა და შინაური ფრინველის ხორცზე ფასების კლება დიდ წილად განპირობებულია აღნიშნული პროდუქტების უხვი მარაგით.

უკვე მეცხრე თვეა მცირდება FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი, რომელიც სექტემბრის თვესთან შედარებით 1.5%-ით შემცირდა და 2009 წლის აპრილიდან, ფასის ყელაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. წინა თვეში ფასის შემცირება მსოფლიო ბაზარზე პალმის ზეთზე მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია, რასაც მსხვილი მწარმოებელი კომპანიების მხრიდან ჭარბი მიწოდება მოჰყვა. რაც შეეხება, სოიოს ზეთის საერთაშორისო ფასს – იგი ოდნავაა მომატებული.

ოქტომბრის თვეში, FAO-ს მარცვლეული კულტურების ფასების ინდექსი სექტემბრის თვესთან შედარებით 1.3%-თ გაიზარდა, ძირითადად სიმინდის ფქვილის ხარჯზე, რომელიც ექსპორტირებულია ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აღნიშნულის საპირისპიროდ, შემცირდა ბრინჯის ფასი. რაც შეეხება შაქარს, FAO-ს შაქრის ინდექსი, ინდოეთსა და ინდონეზიაში არამდგრადი კლიმატური პირობების გამო 8.7%-ით გაიზარდა.

Comments
Loading...