“ომეგა ჯგუფის” გენ. მენეჯერი: “ოჯთ”-ს გადაეცა აქციზური მარკები და მიეცა მუშაობის საშუალება

25

ამის შესახებ კომპანია “ომეგა ჯგუფის” გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა “რუსთავი 2”-თან განაცხადა.

“კომპანია “ოჯთ”-ს გადაეცა აქციზური მარკები და მიეცა მუშაობის საშუალება. უკვე სამი დღე გავიდა, რაც კომპანია გაჩერებული იყო. ამ სამი თვის განმავლობაში ვითხოვდით, რომ მიეცათ კომპანიისთვის აქციზური მარკები, დაეწყოთ მუშაობა, რომ შემდგომში თანხა შეეტანათ, ის დავალიანება, რაც კომპანიის სახელზე ირიცხება, ამის გასტუმრების საშუალება რომ ჰქონოდათ.

მაუწყებლობის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში დგას. რა თქმა უნდა, უბრალოდ ეს დროის ფაქტორია. კომპანია შეძლებს თავისი “ოჯთ”-სა და “ომეგა ჯგუფის” ბაზრის წილის დაბრუნებას, ფინანსური რესურსების აღდგენას”, – აღნიშნავს “ომეგა ჯგუფის” გენერალური მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

ცნობისთვის: შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტის მიმართ “ომეგა ჯგუფის” საგადასახადო დავალიანება 2015 წლის ბოლოსთვის შეადგენდა 1 486 696 ლარს.  2016 წელს, შპს ოჯთ-ის მიმართ რიცხულმა საურავმა შეადგინა 2.143.845 ლარი; 2016 წელს წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე კომპანიას დაერიცხა ძირითადი გადასახადი 20,880,470 ლარი, მაგრამ გადაიხადა მხოლოდ 2,099,350 ლარი, შესაბამისად გადაუხდელ თანხაზე დარიცხული საურავების გათვალისწინებით, 2016 წლის ბოლოსთვის აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 21,679,836 ლარი. დადეკლარირებული თანხების გადაუხდელობით ანალოგიურად გაიზარდა საგადასახადო დავალიანება 2017 წლის განმავლობაში, კერძოდ დაადეკლარირა ანუ აღიარა 19,973,500 ლარი, მაგრამ გადაიხადა მხოლოდ 12,868,653 ლარი.

2017 წლის ბოლოსთვის, გადაუხდელ თანხაზე დარიცხული საურავების გათვალისწინებით, აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 33,411,299 ლარი.

2018 წლის მანძილზე დაადეკლარირა ანუ აღიარა 16,076,671 ლარი, ხოლო ბიუჯეტში გადაიხადა მხოლოდ 1,214,785 ლარი.

Comments
Loading...