ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 1.2%-ით შემცირდა

8

2018 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 267.5 მლნ ლარით (1.2 პროცენტით) შემცირდა და 22.0 მლრდ ლარს გაუტოლდა. 2017 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 10.4 პროცენტით არის გაზრდილი.

სადეპოზიტო ვალდებულებების კლებაზე გავლენა მოახდინა ლარით გამოსახული მაჩვენებლის კლებამ.

საანგარიშო პერიოდში წინა თვესთან შედარებით, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 219.7 მლნ ლარით (2.7 პროცენტით) შემცირდა და 7.92 მლრდ ლარი შეადგინა. ვადიანი დეპოზიტები – 85.3 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო მიმდინარე ანგარიშები 134.4 მლნ ლარით.

უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე 0.2 პროცენტიანი (7.7 მლნ დოლარი) კლება დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 5.23 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნული კლება ძირითადად იურიდიული პირების მიმდინარე ანგარიშების კლებით იყო განპირობებული.

სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, 2018 წლის ნოემბერში 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 64.0 პროცენტს შეადგენს. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 54.3 და 77.2 პროცენტს შეადგენდა.

Comments
Loading...