ნოემბერში, სურსათის ფასები, წინა წლის ნოემბერთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა.

11

2018 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 1.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.7 პროცენტით გაიზარდა.

ნოემბერში, სურსათის ფასები წინა წლის ნოემბერთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა. ყველაზე აღსანიშნავი სურსათიდან პურისა და ძროხის ხორცის შესაბამისად 4 და 6 პროცენტით გაძვირებაა, რამაც ჯამში ინფლაციაზე 0.3 პპ გავლენა იქონია. საპირისპიროდ გაიაფდა ვაშლი და შაქარი შესაბამისად 34 და 16 პროცენტით, ხოლო მათი გავლენა ინფლაციაზე -0.3 პპ იყო.

სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია საწვავის და თამბაქოს გაძვირება. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტებზე გასულ წელს აქციზის გადასახადის მომატების ეფექტი ამოიწურა, მათი გაძვირების გავლენა ნოემბრის წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე კვლავ მაღალი იყო. კერძოდ, თითოეული მათგანის წვლილმა, შესაბამისად, 0.7 და 0.3 პპ შეადგინა. მიმდინარე წელს საწვავის გაძვირება მსოფლიოში ნავთობის ფასების მატებას უკავშირდებოდა. უფრო ზუსტად კი ნავთობის ფასებმა წლის განმავლობაში პიკს ოქტომბერში მიაღწია, ხოლო ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მკვეთრად კლების ტენდენცია აქვს. ნავთობის ფასების ეს შემცირება ნოემბერში ჯერ არ ასახულა ბენზინის ფასებზე.

Comments
Loading...