ნიკოლას მადურო: 2019 წლიდან ვენესუელის ნავთობპროდუქცია Petro-თი გაიყიდება

3

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით რუსეთში იმყოფება, მოსკოვს, ნავთობის სფეროში ანგარიშსწორება ეროვნული კრიპტოვალუტა Petro-თი შესთავზა.

მადუროს განცხადებით, 2019 წლიდან, კარაკასი აპირებს, რომ ნავთობის ინდუსტრიაში ანგარიშსწორება კრიპტოვალუტით განახორციელოს.

“2019 წლიდან ვენესუელის მთელი ნავთობპროდუქცია Petro-თი გაიყიდება იმ გრაფიკის მიხედვით, რომელიც ახლა გვაქვს”, – განაცხადა მადურომ.

მადურომ აგრეთვე განაცხადა, რომ რუსეთი ნავთობს და ნავთობპროდუქციას იუანებში ყიდის და მისი თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე შესთავაზა El Petro-თი ანგარიშსწორება. მადურომ აგრეთვე აღნიშნა, რომ მისი წინადადება უკვე შესულია უახლოესი 6 წლის ეკონომიკური სამუშაო რუკის განხილვის გეგმაში.

“Petro-ს მეშვეობით გავაგრძელებთ ჩვენს გათავისუფლებას იმ ვალუტებისგან, რომლებსაც ვაშინგტონის ელიტა შანტაჟისთვის, მსოფლიო მოსახლეობაზე შეტევისთვის, ეკონომიკური ზიანისთვის, ფინანსური თვალთვალისთვის იყენებს.

რუსეთისა და ვენესუელის თანამშრომლობა დაფუძნებულია ჩვენი ხალხის კულტურის, ეკონომიკური და პოლიტიკური მოდელების პატივისცემაზე… პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მხარი დამიჭირა სირთულეების დაძლევისთვის საჭირო მექანიზმების ძიებაში. ჩვენ გადამწყვეტად უარვყოფთ ჩარევებსა და ინტერვენციებს”, – წერს მადურო თავის ტვიტერზე.

ეროვნული კრიპტოვალუტა El Petro-ს შექმნის შესახებ ნიკოლას მადურომ 2017 წლის დეკემბერში განაცხადა. მისი ჩანაფიქრის მიხედვით, კრიპტოვალუტა ქვეყანას უნდა დაეხმაროს ფულადი სუვერენიტეტის განვითარებაში და ფინანსური ბლოკადის დაძლევაში. მიმდინარე წლისთვის მადურომ 100 მილიონი El Petro-ს გამოშვების შესახებ განკარგულება გასცა. თებერვალში კი დაიწყო კრიპტოვალუტის გაყიდვები.

სექტემბერში მადურომ განაცხადა, რომ 1 ოქტომბრიდან ეროვნული კრიპტოვალუტა El Petro შევა საერთაშორისო სავაჭრო ბაზაზე.

Comments
Loading...