“ნენსკრა ჰიდრომ” სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ვებ-გვერდი შექმნა

11

ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიამ – სს „ნენსკრა ჰიდრომ“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ვებ-გვერდი – www.chubekhevi.ge  შექმნა.  

ორენოვანი ვებ-გვერდი „ნენსკრა ჰიდროს“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და მესტიის მუნიციპალიტეტის ჯერ კიდევ უცნობი ადგილების – ნენსკრასა და ნაკრას ხეობების ტურისტული პოტენციალის შესახებ ქართველი და უცხოელი დამსვენებლების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

ვებ-გვერდის დასახელება – „ჩუბეხევი“ ისტორიული სახელია ზემო სვანეთის იმ ორი ხეობისა, სადაც ჭუბერისა და ნაკრას ადმინისტრაციული ერთეულები მდებარეობს.

ვებ-გვერდზე ამჟამად განთავსებულია ინფორმაცია ჭუბერსა (ნენსკრას ხეობა) და ნაკრაში არსებული 16 საოჯახო სასტუმროს შესახებ. ამ საიტის მეშვეობით ჩუბეხევში დასვენების მსურველებს შეუძლიათ, ვებ-გვერდზევე შეარჩიონ და დაჯავშნონ სასურველი სასტუმრო. გარდა ამისა, ვებ-გვერდის მეშვეობით დამსვენებლები მიიღებენ ინფორმაციას იმ უნიკალური ადგილების შესახებ, რომლებიც ხეობებში სტუმრობისას უნდა მოინახულონ. ვებ-გვერდზე ასევე განთავსებულია ადგილობრივი სერტიფიცირებული გიდების საკონტაქტო ინფორმაცია. ბლოგის ნაწილში კი გამოქვეყნებულია საინტერესო სტატიები ჩუბეხევის ისტორიისა და ლეგენდების, გამორჩეული ჩუბეხეველების, იქაური ტურისტული ადგილებისა და სვანური სამზარეულოს შესახებ.

საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით „სტუმრად ჩუბეხევში“  „ნენსკრა ჰიდრომ“ 2019 წლის ივლისიდან, ტურიზმის მხარდამჭერი პროექტის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში დაიწყო. მედიასა და სოციალურ ქსელში სხვადასხვა აქტივობები განხორციელდა: მომზადდა და გავრცელდა არაერთი სიუჟეტი, ვიდეოკლიპი, ფოტომასალა და სტატია ხეობების ტურისტული პოტენციალის შესახებ. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა FACEBOOK-გვერდი, რომელიც დამსვენებლებს ჩუბეხევში მეგობრული ენითა და შთამბეჭდავი სურათებით ეპატიჟება.

„წელს კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულმა კრიზისმა ტურიზმის სექტორი ყველაზე მეტად დააზარალა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ვებ-გვერდის საშუალებით კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გავაგრძელოთ საინფორმაციო კამპანია, გავაცნოთ საზოგადოებას სვანეთის ეს ულამაზესი მხარე და შიდა ტურიზმის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. აღნიშნული კამპანიის გარდა, „ნენსკრა ჰიდრომ“ ჭუბერსა და ნაკრაში არაერთი სოციალური პროექტი განახორციელა, მათ შორის – ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად: ინგლისური ენისა და კომპიუტერის, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროს მართვის კურსების, ასევე მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობისა და შიდა ინფრასტურქტურის გაუმჯობესების მიმართულებით“, – განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.

 

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

###

Comments
Loading...