“ნენსკრა ჰესის” პროექტის ფარგლებში წლის ბოლოსთვის 11 ხიდი უნდა აშენდეს

3

“მდინარე ნენსკრაზე სულ წლის ბოლოსთვის 11 ხიდი უნდა აშენდეს. ჩვენ ორიენტირებული ვართ ხარისხზე და სამუშაოთა შესრულების ძალიან მაღალ სტანდარტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე გარემოს დაცვის სპეციალისტებით”, – განაცხადა “ქართული სამშენებლო კონსორციუმის” დირექტორის მოადგილე, ალექსანდრა ჩიქავამ, რომელმაც “რადიო კომერსანტის” ეთერში “ნენსკრა ჰესის” მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ისაუბრა.

“ჩვენ გახლავართ ნენსკრა ჰიდროს ძირითადი კონტრაქტორები და ჩვენი კომპანია თავიდანვე იყო ჩართული პროექტში. თავდაპირველად გენერალური კონტრაქტორის ქვეკონტრაქტორი ვიყავით, ხოლო მას შემდეგ, რაც გენერალურმა კონტრაქტორმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება გასულიყო პროექტიდან, “ნენსკრა ჰიდრომ”, იმ მიზნით რომ არ შეჩერებულიყო სამუშაოები, მიიღო გადაწყვეტილება და პირდაპირ გააფორმა ხელშეკრულება ჩვენს კომპანიასთან.

ამის შემდეგ გავაგრძელეთ გეგმით გათვალისწინებული გზებისა და ხიდების მიმართულებით სამუშაოები. ამჟამად, ვახორციელებთ „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს. რაც გულისხმობს, ახალი გზების გაყვანას, კონკრეტული მონაკვეთების რეაბილიტაციას და ხიდების მშენებლობას.

სულ, წლის ბოლოსთვის 11 ხიდი უნდა აშენდეს. ჩვენ ორიენტირებული ვართ ხარისხზე და სამუშაოთა შესრულების ძალიან მაღალ სტანდარტზე. შესაბამისად, ჩვენი გუნდი ცდილობს მაქსიმალურად უპასუხებს ამ გამოწვევებს, ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე გარემოს დაცვის სპეციალისტებით, ასევე ხარისხის მართვის, ინფრასტრუქტურის მშენებლობის დიდი გამოცდილებით. აღვნიშნავ, რომ ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ გამოცდილება გეოდეზიური, გეოლოგიური საპროექტო და საექსპერტო სამუშაოებში”, – ამბობს ალექსანდრა ჩიქავა.

მისი თქმით, ადგილზე მაქსიმალურად არიან დასაქმებულები ადგილობრივები, მათი რიცხვი 80%-ზე მეტია. “ნენსკრა ჰესის” მოსამზადებელი სამუშაოები ნოემბერში განახლდა. დაგეგმილია 11 ხიდთან ერთად, 45 კმ -იანი გზის მშენებლობა, რაც გარკვეულ მონაკვეთებზე ახალი გზების გაყვანასა და უკვე არსებული გზების აღდგენა-რეაბილიტაციას გულისხმობს.

კომპანიამ უკვე მიიღო სახელმწიფოსგან 2 ხიდის მშენებლობის ნებართვაც. ალექსანდრა ჩიქავას თქმით, გეგმის მიხედვით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი 2019 წელს უნდა დასრულდეს.

“ნოემბრიდან ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობდით და ძირითადად, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების რეაბილიტაციას ვახდენდით. დაახლოებით, 5კმ-მდე სხვადასხვა მონაკვეთი აღდგა და ჩამონაშალი ქვებისგან და ლოდებისგან გაიწმინდა. ამას გარდა, ინტენსიურად ვეწეოდით საპროექტო და სამობილიზაციო სამუშაოებს, რაც გულისხმობს ადგილზე სამშენებლო ბანაკების შექმნას.

გზებისა და ხიდების გარდა, დაგეგმილია 655კვ.კმ ფართობის შენობა-ნაგებობის აშენება. ეს იქნება საოპერატორო სოფელი, სადაც ჰესის ოპერირებაში ჩართული სპეციალისტები იცხოვრებენ. შენობა აშენდება, როგორც საცხოვრებელი, ისე საოფისე, სასტუმრო და სასაწყობე მეურნეობისთვის.

ამჟამად, ადგილზე მობილიზებული არის ჩვენი ტექნიკური პერსონალი, რომელიც გზის რეაბილიტაციასა და თოვლისგან გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ამდენად, მაქსიმალურად ვემზადებით გაზაფხულისთვის”, – განაცხადა ალექსანდრა ჩიქავამ.

Comments
Loading...