ნათია თურნავა: ძალიან სწრაფად განვაახლებთ ინტერნეტიზაციის პროექტს

16

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. თუმცა, მინისტრს არ დაუკონკრეტებია ჩაერთვება უი არა ისევ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტში „ქართუ ფონდი“.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ „ქართუ ფონდს“ არასდროს უთქვამს უარი ინტერნეტიზაციის პროექტზე . ყოველთვის გამოხატავდა და დღესაც გამოხატავს მზადყოფნას, მიიღოს მონაწილეობა ისეთ პროექტებში, სადაც მთავრობას სჭირდება დახმარება და კერძო ბიზნესის ინტერესი დაბალია. თავის დროზე, როდესაც ეს პროექტი დაიწყო, „ქართუ“ ფონდმა, საკმაოდ სერიოზული, სოლიდური თანხები გაიღო და დააფინანსა როგორც სტრუქტურის შექმნა, ასევე პირველადი კვლევები, რასაც ჩვენ ახლა ვიყენებთ.

შემდგომში, რა მოდელითაც ყალიბდებოდა ეს პროექტი, ამ მოდელმა გამოიწვია გარკვეული კრიტიკა კერძო სექტორიდან და ამან შეაფერხა გარკვეულწილად ამ პროექტის განვითარება.

ჩვენ ახლა ვაკეთებთ იმ მოდელის განახლებას, მოდელი უნდა იყოს იმდაგვარი, რომ კერძო ბიზნესთან ჩვენ არ შევდიოდეთ კონკურენციაში.

უახლოეს პერიოდში, ჩვენ მოგახსენებთ, თუ როგორ და რა გზით განვითარდება ეს პროექტი. პროექტი არის თავისთავად ძალიან საჭირო, ჩვენ ვფიქრობთ რომ ძალიან სწრაფად განვაახლებთ ინტერნეტიზაციის პროექტს, როდესაც იქნება ბიუჯეტი და მოდელი, შემდეგ ვისაუბრებთ ამის დაფინანსების წყაროებზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Comments
Loading...