ნათია თურნავა: პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ახალ ამოცანებზე გადაეწყობა

8

„ჩვენი მთავარი პოსტკრიზისული ამოცანა იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესის განვითარება იქნება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ შევძლოთ საკუთარი თავის უზრუნველყოფა კრიტიკულად აუცილებელი პროდუქტებით. ყველგან, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარი რესურსით უნდა დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზარი,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის განცხადებით, ადგილობრივი მეწარმეობის სტიმულირების პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ სრულად გადაეწყობა ახალ ამოცანებზე. ნათია თურნავამ ასევე გაამახვილა ყურადღება 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ საკრედიტო – საგარანტიო მექანიზმზე.

„წინა პერიოდში აღნიშნული მექანიზმი არ იყო მაინცდამაინც მოთხოვნადი და ეს გასაგებიც იყო, რადგან ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით ვითარდებოდა. ჯანსაღი ბიზნესებისთვის ბანკიდან სესხის მოზიდვა პრობლემას არ წარმოადგენდა. ამდენად, საკრედიტო საგარანტიო სქემა, როგორც თანაუზრუნველყოფის მექანიზმი არ იყო აქტუალური. მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სწორედ კრიზისის დროსაა ასეთი ტიპის მექანიზმები უფრო აქტუალური, როდესაც სახელმწიფო გვერდში უდგება ბიზნესს, რათა მან შეინარჩუნოს თავისი მდგრადობა და შეძლოს ფინანსების მოზიდვა. ამდენად, ახლა ამ მექანიზმის გაფართოება ძალიან დროულია,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, საკრედიტო საგარანტიო ფონდის მექანიზმის გაფართოება დაგვეხმარება, რომ გადავარჩინოთ ასობით მცირე და საშუალო ბიზნესი. მისი თქმით, აღნიშნული მექანიზმის განვითარების ფორმას ბიზნესი უახლოეს დღეებში გაეცნობა.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა დაგვავალა, ჩვენ არ შემოვიფარგლებით უკვე ცნობილი მექანიზმებით. ეს არ იქნება მხოლოდ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, არ იქნება მხოლოდ საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი. ჩვენ ყველა შესაძლო ბერკეტს ავამოქმედებთ იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს დაცული, ადგილობრივი წარმოება განვითარდეს და მისი კონკურენტუნარიანობა ამაღლდეს. პირველ რიგში, საკუთარი ბაზარი რომ დავაკმაყოფილოთ და როგორც კი გლობალური ბაზრები მოგვცემს ამის საშუალებას, ექსპორტი მაქსიმალურად გავაფართოოთ და მხარი დავუჭიროთ,“ – განაცხადა მინისტრმა.

Comments
Loading...