ნათია თურნავა: “გაზპრომთან” ჩვენი პოზიციების გაუმჯობესებას მივაღწიეთ

11

ეკონომიკის სამინისტრომ დაასრულა გაზპრომთან მოლაპარაკებები რუსული გაზის სომხეთთან ტრანზიტთან დაკავშირებით. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ განაცხადა.

“დღეს ჩვენ ეს საკითხი წარვუდგინეთ მთავრობას. მიუხედავად საკმაოდ რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა, ჩვენ ვხელმძღვანელობდით ორი ძირითადი პრინციპით და ეს ორივე პრინციპი ზედმიწევნით დაცულია. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება.

შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ბაზრის ორი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული სეგმენტი – მოსახლეობა და ელექტროენერგიის წარმოება – სრულად მარაგდება და კვლავაც მომარაგდება აზერბაიჯანული გაზით”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, აზერბაიჯანი კვლავ რჩება საქართველოს მთავარ მომწოდებლად და სტრატეგიულ პარტნიორად გაზის სფეროში.

“უფრო მეტიც, უახლოეს წლებში აზერბაიჯანული გაზის წილი კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს ბაზარზე, შაჰდენიზის მეორე ფაზის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ.

მეორე ამოცანა იყო ჩვენი პოზიციების გაუმჯობესება გაზპრომთან. ჩვენ მივაღწიეთ გაუმჯობესებას ორივე პოზიციით – სატრანზიტო საფასური, რომელსაც ჩვენ გვიხდიან, არის გაზრდილი, ხოლო რუსული გაზის შესასყიდი ფასი შემცირებულია, ეს იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კერძო ბიზნესი დაინტერესდება ამ ალტერნატივით.

ხელშეკრულება გახანგრძლივდა 2 წლით და ეს ხელშეკრულება იმოქმედებს 2019-2020 წლის განმავლობაში.

გაზპრომთან შეთანხმება წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას და კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. მე ციფრებს ვერ დავასახელებ. სწორედ ეს არის კომერციული საიდუმლოების არსი, რომ არ ვთქვა კონკრეტული ფასები, მაგრამ გეუბნებით დინამიკას, რომელიც ორივე შემთხვევაში არის ჩვენს სასარგებლოდ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Comments
Loading...