- Advertisement -

ნავთობის მოპოვების მხრივ, აშშ-მა რუსეთს გაუსწრო

7

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, აგვისტოში ქვეყანაში, ყოველდღიურად 11,346 მილიონი ბარელი ნავთობი მოიპოვებოდა, როდესაც რუსეთში ანალოგიური მაჩვენებელი 11,21 მილიონ ბარელს შეადგენს. ამის შესახებ Bloomberg წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს მოხდა იმ კომპანიის ხარჯზე, რომელიც მექსიკის ყურეში მუშაობს და კიდევ იმ მეწარმეების წყალობით, რომლებიც ნავთობს ტექსასში, კოლორადოსა და ჩრდილოეთ დაკოტაში მოიპოვებენ.

Bloomberg-ის ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ის მიერ, ნავთობის მოპოვების მხრივ მიღწეული უპირატესობა შესაძლოა დროებითი აღმოჩნდეს. წინასწარი მონაცემების მიხედვით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ განხორციელებული სანქციებისა და ვენესუელის კრიზისის ფონზე, სექტემბერში რუსეთი, ნავთობის მოპოვების თვალსაზრისით კვლავ წინ წავიდა.

ამერიკა ნავთობის მოპოვების მხრივ ლიდერი 1974 წლამდე იყო, შემდეგ კი მისი ადგილი საბჭოთა კავშირმა დაიკავა.

BP-ის პროგნოზით კი, 2035 წლისთვის ზუსტად აშშ იქნება მსოფლიოში ნავთობის მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყანა. BP-ის ანალიტიკოსები, აღნიშნული წლისთვის, ამერიკის მიერ ყოველდღიურად მოპოვებული ნავთობის რაოდენობას 17 მილიონ ბარელად აფასებენ.

Comments
Loading...