მყვინთავის ცილისწამების საქმესთან დაკავშირებით, ილონ მასკი სასამართლოს წინაშე წარსდგა

4

Tesla და SpaceX-ის დამაარსებელი ილონ მასკი, ლოს-ანჯელესის სასამართლოს წინაშე, ბრიტანელი მყვინთავის ვერნონ ანსუორტის შეურაცყოფის საქმესთან დაკავშირებით წარსდგა. ანსუორტი მონაწილეობას იღებდა 2018 წელს, ტაილანდის გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვებისა და მათი მწვრთნელის სამაშველო ოპერაციაში. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

სხდომის განმავლობაში მასკმა უარყო ბრალდებები და აღნიშნა, რომ რეალურად ის არ უგულისხმია, რაც ანსუორტის შესახებ Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, მან უბრალოდ ის აღნიშნა, რომ ანსუორტი გიჟი იყო. როგორც გამოცემა იუწყება, მასკის თქმით, იქ, სადაც იგი იზრდებოდა, pedo guy უცნაურ მოხუცს ნიშნავდა.

მასკი აგრეთვე დაეთანხმა მოსამართლეს იმაში, რომ ტვიტების გამოქვეყნებისას, იგი არ ფლობდა ზუსტ ინფორმაციას ანსუორტის შესახებ. ილონ მასკის თქმით, ანსუორტის კომენტარი CNN-ის ეთერში, მასკის მინი-სუბმარინთან მიმართებით, რომელსაც ბიზნესმენი გაჭედილი ბავშვებისა და მათი მწვრთნელის სამაშველო ოპერაციისთვის აგზავნიდა, არასწორი და შეურაცხმყოფელი იყო.

გასული წლის ივლისში, ანსუორტმა განაცხადა, რომ მასკმა სიტუაცია, რომელიც ტაილანდში, ბავშვების და მათი მწვრთნელის გადარჩენასთან დაკავშირებით შეიქმნა, თავისი კომპანიის პიარისთვის გამოიყენა და რომ შეუძლია „ეს თავისი სუბმარინი რაც შეიძლება ღრმად შეიდოს.“ ამაზე საპასუხოდ კი, ამერიკელმა ბიზნესმენმა დაწერა, რომ მყვინთავი ოპერაციის ადგილზე არ უნახავს და მოითხოვა, რომ ეჩვენებინა მისთვის ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ანსუორტი ნამდვილად მონაწილეობდა სამაშველო ოპერაციაში. „იცი რა, არც მაგ ვიდეოს ჩვენებით გაისარჯო, ჩვენ ერთ-ერთ მინი-სუბმარინით გამოქვაბულის მთელ გზას გავივლით, არაა პრობლემა. მაპატიე, პედოფილო, ეს შენ თვითონ გინდოდა“, – დაწერა მაშინ ილონ მასკმა.

ამის შემდეგ რამდენიმე დღის გასვლის მერე, ილონ მასკმა წაშალა თავისი ტვიტები და ანსუორტს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ გაცხარებული იყო, როდესაც ამ ტექსტს წერდა. მიუხედავად ამისა, მყვინთავმა მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და კომპენსაციის სახით 75 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა. მასკის ადვოკატი მას სიტუაციის მოგვარებას სასამართლოს გარეშე სთავაზობდა, მაგრამ მყვინთავმა ამაზე უარი თქვა. მოსმენა 22 ოქტომბერს ჩაინიშნა. მაშინ, როგორც Los Angeles Times წერდა, სასამართლომ უარყო დაცვის შუამდგომლობა, რომელიც საქმის დახურვას მოითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, ტაილანდის გამოქვაბულში, ექსკურსიის დროს, საფეხბურთო გუნდი და მისი მწვრთნელი გაიჭედნენ. მათ საშველად დაიგეგმა მასშტაბური ოპერაცია, რომელშიც ჩართულები იყვნენ უცხოელი სპეციალისტებიც. მასკის ინჟინრებმა კი, რაკეტამზიდ Falcon 9-ის ნაწილებისგან შექმნეს მცირე ზომის წყალქვეშა ნავი, თუმცა მისი გამოყენება საჭირო აღარ გახდა. 10 ივლისს მაშველებმა ყველას გამოყვანა შეძლეს.

Comments
Loading...