“მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების” რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

7

Fraser institute-ის 2019 წლის რეიტინგის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ თანახმად, საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 1 პოზიციით გაუმჯობესდა და მე-12 ადგილი დაიკავა 162 ქვეყანას შორის. წინა წელთან შედარებით, ასევე გაუმჯობესდა საქართველოს სარეიტინგო ქულა და 7,94 ქულა შეადგინა.

Fraser Institute-ის რეიტინგი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“ ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს – მთავრობის ზომა, სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა, მყარი ვალუტა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაცია.

საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 5 ინდიკატორიდან 4 ინდიკატორში – „მთავრობის ზომა“ (7,58 ქულა შეადგინა), „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ (6,34 ქულა შეადგინა), „საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება“ (8,74 ქულა შეადგინა) და „რეგულაცია“ (8.15 ქულა შეადგინა) მდგომარეობა გაიუმჯობესა, რამაც ქვეყნის საერთო რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პოზიციები გაუმჯობესდა ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა:

  • მთავრობის მოხმარება – 5,42 ქულა (გაუმჯობესდა 0,17 ქულით);
  • ტრანსფერები და სუბსიდიები – 6,91 ქულა (გაუმჯობესდა 0,13 ქულით);
  • მიუკერძოებელი სასამართლო – 4.10 ქულა (გაუმჯობესდა 0,08 ქულით);
  • საკუთრების უფლებების დაცვა – 6,19 ქულა (გაუმჯობესდა 0,06 ქულით);
  • პოლიციის საიმედოობა – 7,02 ქულა (გაუმჯობესდა 0,05 ქულით);
  • ფულის რაოდენობის ზრდა – 7,86 ქულა (გაუმჯობესდა 0,66 ქულით);
  • რეგულირების ბარიერები ვაჭრობაში – 8,05 ქულა (გაუმჯობესდა 0,45 ქულით);
  • კაპიტალისა და ხალხის მოძრაობის კონტროლი – 7,62 ქულა (გაუმჯობესდა 0,26 ქულით);
  • საკრედიტო ბაზრის რეგულირება – 9,88 ქულა (გაუმჯობესდა 0,08 ქულით);
  • ბიზნესის რეგულირება – 7,92 ქულა (გაუმჯობესდა 0,08 ქულით).

რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა ქვეყნის მშპ-ს ზრდის დადებითი ტემპი ბოლო წლების განმავლობაში, ტრანსფერების და სუბსიდიების სწორი და მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, მთავრობის მოხმარების წილის შემცირება მთლიან მოხმარებაში, ქვეყანაში განხორციელებული ეფექტური საგადასახადო რეფორმა, ინვესტორებისთვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემო და მთავრობის მიერ განხორციელებული სამართლებრივი სისტემური რეფორმები.

ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმაღლესი – 10 ქულიანი შეფასება აქვს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა:

  • ზღვრული საგადასახადო განაკვეთი;
  • უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება;
  • შავ ბაზარზე გაცვლითი კურსების არარსებობა;
  • კომერციული ბანკების არსებობა;
  • სესხების საპროცენტო განაკვეთებზე კონტროლი.

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა დანია (მე-13 ადგილი), ესტონეთი (მე-13 ადგილი), ლიეტუვა (მე-16 ადგილი), გერმანია (მე-20 ადგილი), ფინეთი (21-ე ადგილი), ჩეხეთი (22-ე ადგილი), ლატვია (24-ე ადგილი), ავსტრია (26-ე ადგილი), სომხეთი (27-ე ადგილი), სამხრეთ კორეა (33-ე ადგილი), სლოვაკეთი (მე-40 ადგილი), საფრანგეთი (50-ე ადგილი), უნგრეთი (54-ე ადგილი), ხორვატია (56-ე ადგილი), პოლონეთი (59-ე ადგილი), სლოვენია (67-ე ადგილი), რუსეთი (85-ე ადგილი), თურქეთი (95-ე ადგილი), მოლდოვა (97-ე ადგილი), ბელორუსი (99-ე ადგილი), აზერბაიჯანი (116-ე ადგილი), უკრაინა (135-ე ადგილი) და სხვა.

„მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“ შემუშავებულია კანადური Frazer Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგი ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. მონაცემები, რომლებიც მუშავდება ყოველწლიურად, დაფუძნებულია მესამე მხარის მიერ წარმოდგენილ მონაცემებსა და დამოუკიდებელ კვლევაზე 162 ქვეყნისათვის. რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვა.

Comments
Loading...