მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: ძალიან შთამბეჭდავია რეფორმები, რასაც საქართველო ახორციელებს

20

„აღსანიშნავია ბევრი საერთაშორისო რეიტინგი, მათ შორის, ერთ-ერთია „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ რეიტინგი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად წინ წავიდა საქართველო და რამდენად მიზანდასახულად ახორციელებს რიგ რეფორმებს“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ახალმა რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინესმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მან კიდევ ერთხელ, პოზიტიურად შეაფასა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული თანამშრომლობა და ხაზი გაუსვა რეფორმების პროცესში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„ფინანსთა მინისტრთან შეხვედრისას, ჩვენ განვიხილეთ ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს სატრანსპორტო სექტორში. ასევე, ეკონომიკური მიმართულებით ვისაუბრეთ კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიურ ზრდაზე კერძო სექტორში, განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიცაა: ადამიანური კაპიტალი, განათლება და კაპიტალის ბაზრის განვითარება. ძალიან შთამბეჭდავია იმ რეფორმების პროგრამა, რომელსაც საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით, უნდა გაგრძელდეს მუშაობა და თანამშრომლობა.

კვლავ ბევრია გასაკეთებელი ეკონომიკური განვითარების, ადამიანური კაპიტალის, განათლებისა და ჯანდაცვის სექტორის განვითარების, ასევე გარემოს დაცვის საკითხებთან მიმართებაში. ეს არის საერთო, სტრატეგიული ხედვა, რომელიც ხელისუფლებასთან ერთად პარტნიორობის ფარგლებში შევიმუშავეთ. ჩვენ ასევე, დიდი ინტერესით ველით ქვეყანასთან თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის (CPF) ფარგლებში საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელებას დამატებითი რეფორმების განხორციელებისათვის“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

Comments
Loading...