მსოფლიოს უდიდესი ჩინური კომპანია ZPMC “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” პარტნიორი გახდა

16

ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და ZPMC-ს შორის ამწეების თაობაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელი “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და კომპანია ZPMC-ის ვიცე პრეზიდენტმა ლიუ ქიზონგმა მოაწერეს.

უდიდესი ჩინური კომპანია ZPMC ანაკლიის პორტს eRTG ტიპის ამწეებით მოამარაგებს. eRTG ტიპის ამწეები პორტის ტერიტორიაზე კონტეინერების გადასაადგილებლად და დასასაწყობებლად გამოიყენება და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ამ ეტაპზე ZPMC-გან 12 ერთეულ ამწეს შეისყიდის.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ZPMC გამარჯვებულ კომპანიად საერთაშორისო ტენდერის შედეგად გამოავლინა. ტენდერი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად კონსორციუმის პარტნიორი კომპანიები – საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი SSA Marine-ი და დეტალური პროექტის ავტორი BergerABAM-ი უძღვებოდნენ. ტენდერში დიდი საერთაშორისო, მათ შორის, ევროპული კომპანიები მონაწილეობდნენ, ხოლო საფინალო ეტაპზე სამი წამყვანი კომპანია გავიდა.

ZPMC-ი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც რთული პირობებისთვის განკუთვნილ მძიმე ტექნიკას აწარმოებს, მათ შორისაა დიდი მოცულობის საკონტეინერო და ნაყარი ტვირთის გადამზიდავი ტექნიკა, საზღვაო და სხვა ტიპის მძიმე ტექნიკა. კომპანია ასევე მოწინავეა მსოფლიოში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საზღვაო ტექნიკის მაღალი სტანდარტებით წარმოებაში.

კომპანიის მფლობელობაშია 60,000 დან 100,000 ტონის სიმძლავრის 26 გემი, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაადგილდებიან. ZPMC-ის ცენტრალური ოფისი შანხაიში მდებარეობს და კომპანია შანხაის საფონდო ბირჟაზე კვოტირებს.

Comments
Loading...