მიწების სისტემური და სპორადული წესით რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება

18

პროექტი, რომლის მიხედვით, კანონის მოქმედების ვადა 2020 წლის 1 იანვრამდე გრძელდება, პარლამენტმა 97 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განმარტებით, მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგად, გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ, ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მოქალაქეები სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ.

კერძოდ, მომსახურების საფასურის გარეშე ხორციელდება შემდეგი სერვისები: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება, რაც ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების უფასოდ რეგისტრაციას გულისხმობს.

რეფორმის დაწყებიდან 2019 წლის მაისის მდგომარეობით უკვე რეგისტრირებულია 661 100-ზე მეტი მიწის ნაკვეთი.
“ამდენად, კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება მნიშვნელოვანია, როგორც მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებების წარმატებით დასასრულებლად, ასევე დაინტერესებული პირების მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება აქტუალურია იმ ცალკეული სახელმწიფო პროექტების დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისათვის, რომელიც რეგისტრირებული მონაცემების არსებობის ფორმით მიწის მესაკუთრის იდენტიფიცირებას მოითხოვს“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, “სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონს ვადა 2019 წლის 1 ივლისს ეწურებოდა.

Comments
Loading...