- Advertisement -

მევლუდ მელაძე: ახალი ავტომობილების წახალისება არ ხდება, პირიქით, ახალი ავტომობილების განბაჟება გაცილებით ძვირია, ვიდრე – ძველის

30

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების პროცესს აფასებს. მევლუდ მელაძის თქმით, ტექდათვალიერების შემოღება პირველ ეტაპზე რთულია, რადგან სანქციები საკმაოდ რბილია.

მისივე მტკიცებით, პრობლემაა იმ ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც, რომლებსაც შეუძლიათ ავტომობილების ტექდათვალიერება მოახდინონ. მელაძე ფიქრობს, რომ სახელმწიფო ე.წ. „რჩეულ“ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით „რეფორმას ამახინჯებს“.

მოაგვარა თუ არა ტექდათვალიერებამ მთავარი პრობლემა – გამონაბოლქვი და ჰაერის დაბინძურება – მევლუდ მელაძე ფიქრობს, რომ პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს.

„გამონაბოლქვის მაჩვენებელი ჯერ ძალიან მაღალი გვაქვს. ეს პრობლემა დაგვრჩება სავარაუდოდ 1-2 წლის განმავლობაში მაინც. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველთვის გადიოდა ტექდათვალიერებას, ოღონდ შერბილებული ფორმით, გამონაბოლქვთან დაკავშირებით. მუნიციპალურ ტრანსპორტს, როგორც მერია გვპირდება, დაახლოვებით 2 წლის განმავლობაში ჩაანაცვლებს. მსუბუქი ავტომობილების შემოწმების სტანდარტი, რომელსაც ისინი გადიან გამონაბოლქვთან დაკავშირებით, არ გამოაკეთებს სურათს. ანუ გამონაბოლქვის დონე მაინც ძალიან მაღალი იქნება. არსებითი ცვლილებების მისაღებად სტანდარტის დაწევა მოგვიწევს. ავტომობილები თანდათან უნდა გადაკეთდეს, კატალიზატორების გათვალისწინებით. რჩება მოძველებული ავტოპარკის პრობლემაც. ამ კუთხით მერიას მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ახალი ავტომობილების წახალისება არ ხდება. პირიქით – ახალი ავტომობილების განბაჟება გაცილებით ძვირია, ვიდრე – ძველის,“ – აცხადებს მევლუდ მელაძე.

Comments
Loading...