- Advertisement -

მაჭავარიანი: ოქუაშვილმა მითხრა, ამ ხელისუფლების დროს პრობლემები არ მქონია, შევარდნაძის და სააკაშვილის დროს მქონდაო

10

ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანამა გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა, სადაც “ომეგა ჯგუფისა” და ტელეკომპანია “იბერიას” დამფუძნებელთან ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, არასწორია ზაზა ოქუაშვილის მეუღლის, დეპუტატ ნატო ჩხაიძის გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მასსა და ოქუაშვილს შორის შეხვედრა, ფინანსთა მინისტრის ინიციატივით მოხდა.

მისი თქმით, შეხვედრას “ომეგა ჯგუფისა” და ტელეკომპანია “იბერიას” დამფუძნებელი ითხოვდა, რაზეც დათანხმდა.

“სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე რას ითხოვდა… ცოტა ხნის წინ მისმა მეუღლემ თქვა, რომ ფინანსთა მინისტრმა დაგვიბარაო. ეს არის აბსოლუტური ტყუილი.

ერთი კვირა ცდილობდნენ ჩემთან შეხვედრას, საბოლოოდ დავთანხმდი. აგვისტოს პირველ ნახევარში შევხვდი, შაბათი დღეს, სადაც ის იყო წარმოდგენილი თავის დირექტორებით და ლევან ყიფიანით (სპორტის ყოფილი მინისტრო). შეხვედრას ესწრებოდნენ ჩემი მოადგილეები და შემოსავლების სამსახურის იმდროინდელი ხელმძღვანელი. მაინტერესებდა, თუ რა უნდოდა. მზად ვიყავით ახალი გრაფიკი და ხელშეწყობა გაგვეგრძელებინა. ვთხოვდით, თუ საბანკო გარანტიას მოიტან ან გადმორიცხვას გააკეთებ, თავისუფლად შეეძლო გაეგრძელებინა მუშაობა, ოღონდ ყოველთვიურად ვალი უნდა შემცირებულიყო.

ბოლოს, შარშან მას ვალი ჰქონდა 30 მილიონამდე, მის მერე გაზარდა. ამიტომ ვეუბნებოდით, დაუბრუნდი ძველ ნიშნულს. შეამცირე 30 მილიონამდე, რადგან 20 მილიონი იყო დაახლოებით სხვაობა. 30 მილიონზე კი მობრძანდი ახალი გრაფიკით. ამაზე კი ვერ გავიგე მისი არგუმენტები.

მერე დაიწყო მოყოლა, რომ შევარდნაძის დროს ავანსებს სთხოვდა საგადასახადო, მერე სააკაშვილის დროს პრობლემები შეექმნა… ვერ მივხვდი რა კავშირი ჰქონდა ამას დღევანდელობასთან.

მე ვუთხარი, თუ მას ჰქონდა პრობლემები სახელმწიფოსთან და მიაჩნდა რომ დაჩაგრული იყო, შეეძლო წასულიყო სასამართლოში, რომ ვკითხე, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხომ არ ჰქონია პრობლემა, მითხრა – არანაირად”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

Comments
Loading...