მაჭავარიანი: მნიშვნელოვანია ADB-ის მიერ ინვესტიციების გაზრდა განათლების, ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით

20

“მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკის მიერ ინვესტიციების გაზრდა განათლების, ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ ბიზნესსესიასა და მმართველთა პლენარულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამ სექტორებზე უნდა გაკეთდეს უფრო მეტი აქცენტი ბანკის სამომავლო სტრატეგიაში.

აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველის სტატუსით, ივანე მაჭავარიანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ბანკის სამომავლო სტრატეგიულ მიმართულებებზე, განსაკუთრებით, ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით წევრ ქვეყნებში ADB-ს მიერ გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობას.

გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ განათლების სექტორში, ასევე, ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროგრესსა და ამჟამად ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, აღნიშნა რა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ტექნოლოგიების, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით ინვესტიციების გაზრდა, ხელს შეუწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას აზიის განვითარების ბანკის წევრ სახელმწიფოებში.

Comments
Loading...