მანანა ფრუიძე: საავტორო უფლებების სფეროში ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას ქართული კანონმდებლობა არ უშვებს

5

საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში მიმდინარე პროცესები, ბოლო დროს, ძალზე აქტუალური გახდა. სოციალურ ქსელში, ყოველდღიურად, ვრცელდება ცნობილი ქართველი ხელოვანების, მომღერლების, თუ კომპოზიტორების ვიდეოები მოწოდებით “არა ინტელექტის ოკუპაციას”.

სოციალური კამპანიის წევრები და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელები ღიად საუბრობენ საავტორო უფლებების სფეროში რუსულ საფრთხეებზე. ამის მიზეზი კი, რუსეთის გააქტიურება და საავტორო უფლებების გაკონტროლების მიზნით, საქართველოში ახალი საავტორო უფლებათა ორგანიზაციის შექმნის მცდელობაა. საქართველოში საავტორო უფლებების დაცვა კანონმდებლობით რეგულირდება.

“საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით მკაფიოდ არის დადგენილი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის შექმნის კრიტერიუმები: პირველი, კანონით დაშვებულია სფეროში მხოლოდ ერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის არსებობა.

მეორე, ასეთი სტატუსისთვის ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს გაფორმებული რეპერტუარის ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულება მსოფლიოს უმრავლეს ორგანიზაციასთან.

“საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვას საქართველოში ახორციელებენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები, რომლებმაც ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადეს ხელშეკრულებები უმრავლესი ქვეყნის ანალოგიურ ორგანიზაციებთან”, – წერია კანონში.

“საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია” საქართველოში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც საავტორო და მომიჯნავე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ მართვას ახორციელებს. ქართული ორგანიზაცია, დღეის მდგომარეობით, 150-ზე მეტი ქვეყნის 5 მილიონზე მეტ საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელს აერთიანებს, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მუშაობს და რეგიონში, დღემდე, ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

“ქართულ ასოციაციას” კანონით განსაზღვრული ხელშეკრულება 202 საზღვარგარეთის ანალოგიურ ორგანიზაციასთან აქვს გაფორმებული. აქვს თუ არა სხვა რომელიმე ახალ ორგანიზაციას საკანონმდებლო ბერკეტი, რომ საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვა გაახორციელოს, ამის შესახებ “კვირა” ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრის – “საქპატენტის” ახლანდელ და ყოფილ ხელმძღვანელებს ესაუბრა.

მანანა ფრუიძე – “ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის”, “საქპატენტის” თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი “საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაცია შექმნილია “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, რომლის ერთი თავი მთლიანად ეძღვნება ასეთი ორგანიზაციის შექმნის, მართვისა და მის მიერ უფლებების გახორციელების წესებს. ამდენად, ამ ორგანიზაციის შექმნის პირობები, მოთხოვნები არის განსაზღვრული კანონმდებლლობით. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას აქვს ბერკეტი, კანონის ძალით, ერთპიროვნულად, დაიცვას საქართველოში ინტელექტუალური საკუთრება? ინტელექტუალური საკუთრება ძალიან ფართო ცნებაა.

საავტორო უფლებების დაცვა, კონკრეტულად, ეხება იმ საკითხს, რაც არის ავტორების უფლებების კოლექტიური მართვა და ორგანიზაციის წევრი ავტორების სახელით ჰონორარის შეგროვება. ეს არის საავტორო უფლებების დაცვის მსოფლიო მექანიზმი. ეს ასეა ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და ყველგან, სადაც დაცულია საავტორო უფლებები. “საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია” უკვე წლებია, ამ უფლებას სწორად და კანონის შესაბამისად მართავს.

ნებისმიერი ავტორისთვის საკმაოდ რთულია, მართოს თავისი საავტორო უფლება კონკრეტული ქვეყნის მასშტაბით; აკონტროლოს ყველა კაფე, რესტორანი, სასტუმრო თუ სხვა დაწესებულება, სადაც შესაძლოა, შესრულდეს მისი მუსიკა. სწორედ ამიტომ, მთელს მსოფლიოში, მუშაობს ეს მექანიზმი, რაც უმარტივებს ავტორებს, მოხდეს მათი უფლებების ეფექტური მართვა და მათთვის ჰონორარის განაწილება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ორგანიზაციები და, მათ შორის, ქართული ორგანიზაციაც, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ავტორების უფლებებს მართავს, არამედ – სხვა ქვეყნებთან ურთიერთწარმომადგენლობის შეთანხმების საფუძველზე, ახდენს სხვა ქვეყანაში საავტორო უფლებების მართვას, ჰონორარის შეგროვებასა და გადაცემას.

რაც შეეხება იმას, შესაძლოა თუ არა, სხვა ორგანიზაციამაც მართოს საქართველოში საავტორო უფლებები – ეს კანონმდებლობითაა განსაზღვრული. ნებისმიერი ერთი კატეგორიის ნაწარმოებზე მხოლოდ ერთი კოლექტიური მმართველობის ორგანიზაციის არსებობას განსაზღვრავს კანონი, რაც ევროკავშირის გამოცდილებას ეფუძნება და გულისხმობს იმას, რომ ერთ სფეროში მხოლოდ ერთი საავტორო უფლებების დამცველი ორგანიზაცია არსებობდეს. საქართველოში უკვე არსებობს ასეთი ორგანიზაცია – ეს არის “საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია”, რომელიც, ავტორთა გადაწყვეტილებით, მთლიანად მოიცავს და მართავს ყველა იმ უფლებასა და კატეგორიას, რაც არის გათვალისწინებული საქართველოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონით.

ასე რომ, ახალი, ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას ქართული კანონმდებლობა არ უშვებს. ანუ არარეალურია ის, რომ დაარსდეს საქართველოში საავტორო უფლებების მართვის სხვა ორგანიზაცია? სამართლებრივად ასეა, კი, ვინაიდან საქართველოში უკვე არსებობს ერთი ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ამ საქმიანობას. საქპატენტი ახორციელებს საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციის კონტროლსა და მონიტორინგს? შეგიძლიათ, გვითხრათ, რამდენად ღია და გამჭვირვალეა ამ ორგანიზაციის მუშაობა? “საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია” საქპატენტს, ყოველწლიურად, წარუდგენს საქმიანობის ანგარიშს. ხოლო რაც შეეხება კონტროლს – როგორც გითხარით, ეს არის კერძო ორგანიზაცია და არც სახელმწიფო და არც საქპატენტი არ აკონტროლებს მას.

თუმცა, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, რომელთა მიხედვითაც, ქართული ორგანიზაცია ღიაა და, გამჭვირვალობის პრინციპით, სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა, ნებისმიერ ავტორს, ან მოქალაქეს აქვს საშუალება, საქპატენტიდან მიიღოს ინფორმაცია. თუმცა, ასეთი ფაქტი არ ყოფილა, რადგან ორგანიზაცია თავადაა ღია და გამჭირვალე. “ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრის”, “საქპატენტის” ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკოლოზ გოგილაძე ​”საავტორო უფლებათა ასოციაციას” თავად ავტორებისგან აქვს მინიჭებული უფლება, მართოს საავტორო უფლებები. ავტორებს აქვთ ყველანაირი ბერკეტი, მოითხოვონ მათი ნაწარმოების გამოყენებისგან მიღებული ჰონორარი.

ვინ აკონტროლებს მათ ფინანსურ ვალდებულებებს და გამჭვირალობას? “საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია” ვალდებულია, საქპატენტში წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში. ხოლო რაც შეეხება მონიტორინგს – რადგან ეს არის ავტორების მიერ შექმნილი ორგანიზაცია, ისინი შიგნითვე, საერთაშორისო მოთხოვნებისა და წესების მიხედვით ადგენენ წესებს და განკარგავენ მიღებულ შემოსავალს. სახელმწიფოს ჩარევა მათ საქმიანობაში არის მინიმალური.

საქპატენტი, არის უწყება, რომელიც საავტორო უფლებების სფეროში განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას და, შესაბამისად, “საავტორო უფლებათა ასოციაციას” აქვს ვალდებულება, ანგარიში წარუდგინოს მას. ბატონო ნიკა, ბოლო დროს, საკმაოდ ბევრს საუბრობენ საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის მიზნით ახალი ორგანიზაციის შექმნაზე. რამდენად რეალისტურია ის, რომ დაარსდეს საქართველოში საავტორო უფლებების მართვის სხვა ორგანიზაცია? კანონით დაუშვებელია და გეტყვით, რატომ. საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციის სტატუსი რომ მოიპოვო, მომხმარებელს თანხა რომ გამოართვა და ავტორს ჰონორარი გადაუხადო, ამისთვის აუცილებელია, რომ უმრავლესობა იმ ორგაინიზაციებთან გქონდეს ხელშეკრულება გაფორმებული, რომლებიც მსოფლიოში მუშაობენ საავტორო უფლებების დაცვის მიმართულებით.

ეს ხელმოწერები უნდა წარმოადგინო საქპატენტში და მიიღო სტატუსი. თუმცა, მე ვიცი, რომ საქართველოში არსებულ ორგანიზაციას უკვე აქვს ეს ხელმოწერები. და, კიდევ ერთი – კანონში წერია, რომ ერთი კატეგორიის ავტორის უფლებებს უნდა მართავდეს მხოლოდ ერთი ორგანიზაცია. ეს ასე იმიტომაა განსაზღვრული, რომ არ შეიძლება, მოსარგებლეს მიადგეს ორი სამი ან რამდენიმე ორგანიზაცია და მოსთხოვოს გადახდა. ეს ასეა საქართველში, ასეა ევროპაში და ასეა მთელს მსოფლიოში.

Comments
Loading...