მამუკა ანდღულაძე: “კომუნიკაციების შესახებ კანონში” ცვლილებებზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო და კომუნიკაციების კომისია ვერ გაექცევა

33

2020 წლის 17 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონი („კანონი“). პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი მაცნეში იმავე დღეს გამოქვეყნდა და დღეს უკვე კანონი მოქმედია.

კომისია კანონს ბიზნესთან კონსენსუსის შედეგს უწოდებს, თუმცა ფაქტია, რომ კავკასუს ონლაინი, რომელიც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამ კონსენსუსის ნაწილი არ არის და ეს არაერთგზის დააფიქსირა კომპანიის ხელმძღვანელობამ.

„კავკასუს ონლაინი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ექსპერტები საკანონმდებლო ცვლიებებს „ბიზნესისთვის კატასტროფულად მავნეს და დამაზიანებელს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” პროგრამის მენეჯერი მამუკა „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ  პროცესი არ იყო გამჭვირვალე თავიდანვე, რაც იმაში გამოიხატება, რომ დაინტერესებული მხარეები ჩართული არ იყვნენ, პირველ რიგში ისინი, ვისაც ეს შეეხებოდა.

როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ მიღებულ ამ კანონს?

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო ამ კანონის შესახებ, რაც პარლამენტში მოხდა მისი შეტანა დაჩქარებული წესით. პირველადი პაკეტი მოიცავდა ცვლილებას ორ კანონში: ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ და „მაუწყებლობის შესახებ“ ცვლილებას, რაც ყოველგვარი საჯარო დისკუსია დებატების გარეშე, დაჩქარებული წესით შევიდა პარლამენტში განსახილველად.

უნდა აღნიშნოს, რომ თავიდანვე იყო კითხვები „მაუწყებლობასთან“ დაკავშირებით, მაგრამ ეს კანონი არ და ვერ  გამოიყენება „მაუწყებლის შესახებ“ კანონზე, თუმცა მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილება, რომელიც კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ეხებოდა, ნამდვილად პრობლემატური იყო. ვესწრებოდი კანონპროექტის განხილვას, სადაც ოპერატორის წარმომადგენლები და მაუწყებლებიც იყვნენ.  დისკუსიის შემდგომ სიტუაცია შეიცვალა და „მაუწყებლის შესახებ“ კანონი ცალსახად ამოიღეს პაკეტიდან. თუმცა, თავად პროცესი არ იყო გამჭვირვალე თავიდან, რაც იმაში გამოიხატება, რომ დაინტერესებული მხარეები ჩართული არ იყვნენ, პირველ რიგში ისინი, ვისაც ეს შეეხებოდა. ოპერატორები ამბობდნენ, რომ ცოტა ხნით ადრეც კი, არ ვიცით მთავრობას რა კანონპროექტი შემოაქვსო. მერე გაირკვა, რომ მთავრობის სახელით კი შემოვიდა, მაგრამ რეალურად მომხსენებელი ეროვნული კომისია იყო. საჯარო დისკუსიაში კომისია ღიად ნაკლებად საუბრობს, რომ ეს  „კავკასუს ონლაინის“ გამო გააკეთეს, თუმცა, აღნიშნული პროცესი „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებით, უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო.

თუ ეს მნიშვნელოვანი პრობლემა და სერიოზული საკითხი იყო, პირველ რიგში, სახელმწიფო ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის ეროვნული კომუნიკაციების კომისია და ეკონომიკის სამინისტრო. თუკი, კანონმდებლობის ანალიზს აკეთებ და ფიქრობ, რომ ეს პრობლემატური საკითხია, რატომ არ ხვდება არც წლიურ ანგარიშში და არც საზოგადოებას ესაუბრები ამ პრობლემის შესახებ. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ოპერატორების მფლობელობა – ტექნოლოგიური განვითარების საფუძველზე ოპერატორი ამ შემთხვევაში აღარ არის მხოლოდ კლასიკური გაგებით მხოლოდ ინტერნეტის მიმწოდებელი, მობილური მომსახურების მიმწოდებელი. ტექნოლოგია გაძლევს უნივერსალურ შესაძლებლობას, ყველაფერი იყო. ამიტომ მათი მფლობელობის პროცესიც უნდა იყოს გამჭვირვალე და ის კითხვები, რომელიც ჰქონდათ ოპერატორებს, არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ პრობლემა იყო, სახელმწიფომ უნდა ისაუბროს, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და თავად მფლობელობის უფლების საკითხიც უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე.

არის თუ არა საფრთხის შემცველი პოტენციური ინვესტორისთვის უკვე მიღებული კანონი?

თუ ვინმე დააკვირდება ამ პროცესს, დაისმება კითხვა: იმ ქვეყანაში, სადაც მარეგულირებლების და სასამართლოს მიმართ კითხვებია, ასეთ პროცესში მონაწილეობა რამდენად იქნება ნორმალური? მეორეს მხრივ,  თავად მფლობელობის საკითხიც მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონი არის მკაცრი, იქ სხვა რეგულაციებია იგივე ოპერატორებთან დაკავშირებით. თუკი, კავკასუს ონლაინ“ გეგმავს სარჩელის შეტანას, დავაკვირდებით და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო და რამდენად დასაბუთებული იქნება. რაც ეხება ბიზნესსკლიმატს, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

არის თუ არა, უკვე მიღებული კანონი ანტიკონსტიტუციური და რატომ?

ამ კუთხით კანონი არ შემისწავლია, მაგრამ პროცესთან დაკავშირებით ის იყო, რაც ვთქვი.

Comments
Loading...