მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2% შეადგინა

34

2020 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.4 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.3 პროცენტიანი მატება, რაც შესაბამისად, 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების ქვეჯგუფზე (4.4 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაზრდილია 1.3 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (2.8 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.4 პროცენტიანი კლება, რაც -0.27 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-4.4 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.58 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ხილი და ყურძენი (47.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (24.6 პროცენტი), თევზეული (17.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (13.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.7 პროცენტი);

ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 4.6 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში შეადგინა -0.57 პროცენტული პუნქტი. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-6.9 პროცენტი).

Comments
Loading...