მაიკლ ბლუმბერგი: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში Bloomberg-ს გავყიდი

1

ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა და მედიამაგნატმა მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ საკუთარ ბიზნესს – საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო ბლუმბერგს თავს დაანებებს იმ შემთხვევაში, თუკი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

მისი თქმით, თუკი არჩევნებში გადაწყვეტს მონაწილეობის მიღებას, სააგენტოს ან ბრმად მიანდობს ვინმეს, ან გაყიდის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საკუთარი ასაკის (76 წელი) გათვალისწინებით, ბიზნესის გაყიდვაზე უარს არ იტყოდა.

“ვფიქრობ, თუკი გაყიდვა მოხერხდება, უარს არ ვიტყოდი. რაღაც მომენტში ჩვენ ყველანი დავიხოცებით, ამიტომ უმჯობესია, თუ ამას მანამდე ვიზამ”, – აცხადებს ბლუმბერგი.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ თუკი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის სტატუსით იქნება.

“პირველ რიგში, მთელი ჩემი ცხოვრება დემოკრატი ვიყავი და ვფიქრობ, დიდი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე ღირებულებები მქონდა”, – ამბობს მედიამაგნატი.

ამასთან, ბლუმბერგი აცხადებს, რომ არამხოლოდ იზიარებს დემოკრატიულ შეხედულებებს, არამედ აქვს რეალური ფაქტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბევრი რამ უკვე გააკეთა კიდეც.

მაიკლ ბლუმბერგმა მედიაკომპანია ბლუმბერგი 1981 წელს დააარსა და ახლა მას კომპანიის 88% ეკუთვნის. ფორბსი მის ქონებას, 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, 46,2 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს, იგი გამოცემის პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს. გავრცელებული მონაცემების მიხედვით, მას 5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი აქვს ქველმოქმედებაში ჩადებული.

Comments
Loading...