კონიაშვილი: კორონავირუსის ფონზე შეუფუთავი რძის პროდუქტი ჯანმრთელობისთვის დამატებით რისკს აჩენს

11

დაფასოებული, მაცივარში კარგად შენახული რძე, ან რძის პროდუქტები უსაფრთხოა და შექმნილ ვითარებაში ჯანმრთელობისთვის აუცილებელია – “რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი კახაბერ კონიაშვილი რძის პროდუქტების მნიშვნელობაზე „აიპრესთან“ საუბრობს.

როგორც კახაბერ კონიაშვილი განმარტავს, კორონავირუსით შექმნილ თანამედროვე გარემოში რძე და რძის პროდუქტები ადამიანის ჯანსაღი იმუნური სისტემისთვის  ძალზედ მნიშვნელოვანია.

ამასთანვე, ხაზგასმით ამბობს, რომ რძე და რძის პროდუქტები აუცილებლად უნდა იყოს კარგად შენახული, დაფასოებული, თანდართული შესაბამისი ეტიკეტირებით.  საზოგადოებას კი, მოუწოდებს, რომ განსაკუთრებით ახლა, კორონავირუსის გავრცელებისას, დღის განმავლობაში აუცილებლად მიიღონ გარკვეული რაოდენობის, კარგად დაფასოებული და შენახული რძე ან რძის პროდუქტები:

– რძის პროდუქტებს რაც შეეხება, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია. ზოგადად, რძის პროდუქტები, თუნდაც ყველი, რძე, იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს. ყველას ვურჩევ, ამ პერიოდში, კორონავირუსის გავრცელების დროს, დღის განმავლობაში მიიღონ რომელიმე რძემჟავა პროდუქტი. მათი ორგანიზმისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება, რძის პროდუქტების დახლებზე განლაგებას. ზოგადი ჰიგიენური წესებიდან და სასურსათო უსაფრთოხებიდან გამომდინარე, მინდა ყველას მოვუწოდო ერთი რამ, მოერიდონ  შეუფუთავი პროდუქციის ყიდვას და ღია სივრცეებში განთავსებული პროდუქტების შეძენას, ეს შეიძლება, მათი ჯანმრთელობისთვის დამატებითი რისკი აღმოჩნდეს.

რძის პროდუქტები აუცილებლად უნდა იყოს შენახული მაცივარში. ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი რამ,რაც ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს. მათი შენახვის პირობები განსაზღვრულია. პროდუქტი +4-დან +8  გრადუსამდე უნდა იყოს მაცივრის პირობებში შენახული.

კითხვაზე, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს  რძეზე და რძის პროდუქტების შეფუთვაზე დატანილი  და რამდენად მნიშვნელოვანია რძის პროდუქტების პასტერიზება, კონიაშვილი განმარტავს:

კანონის მოთხოვნაა, რომ ყველა რძის პროდუქტი, რომელიც საქართველოში იწარმოება იყოს პასტერიზებული რძისგან დამზადებული.  მსოფლიოში არის შემთხვევები, ევროპულ ქვეყნებში, როდესაც ყველი არაპასტერიზებული რძისგან მზადდება,თუმცა მათ ისეთი სისტემა აქვთ დანერგილი,რომ უვნებლობის საკითხი გარანტირებულია.

ჩვენთან, სამწუხაროდ,  რძის წარმოების კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით არ გვაქვს. ბევრი მწარმოებელი არის ფიზიკური პირი. ფიზიკური პირების კონტროლი 2020 წლამდე იყო გადავადებული. ახლა დაიწყო ეს პროცესი და იმედია, მომავალში ყველა რძის მწარმოებელი ფერმერი გაკონტროლდება.

დღეს ყველა რძის, რძემჟავას პროდუქტი უნდა იყოს პასტერიზებული რძისგან დამზადებული. მოსახლეობამ ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია აუცილებლად უნდა წაიკითხოს.

თუ შეფუთულ, ეტიკეტირებულ პროდუქციას აწერია „ყველი“ მოსახლეობამ უნდა იცოდეს რომ ეს არის ნედლი პასტერიზებული რძისგან დამზადებული პროდუქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მწარმოებელს არ აქვს უფლება დააწეროს  სახელწოდებად „ყველი“.

ამასთან, კონიაშვილის თქმით, რძის პროდუქტები არ უნდა იყოს განლაგებული ხორცთან, შებოლილ პროდუქციასთან, თევზთან. მას უნდა ჰქონდეს ცალკე გამოყოფილი ადგილი რძის პროდუქტებისთვის.

კითხვაზე, თუ რა ინფორმაციას უნდა მივაქციოთ ყურადღება რძის ნაწარმის ეტიკეტირებისას, კონიაშვილი განმარტავს, რომ აუცილებელია მომხმარებელმა ყურადღება შენახვის პირობებსა და გამოშვების თარიღზე გაამახვილოს. იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენს მომხმარებელი შეუფუთავ, არასათანადოდ შენახულ რძის პროდუქტს მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს:

აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება შენახვის ვადას. მწარმოებელი ვალდებულია დატანილი იყოს  შენახვის ვადა რძის პროდუქტებზე. სამწუხაროდ, ხდება როდესაც მაღაზიაში არ კონტროლდება შენახვის ვადები. ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება გამოშვების თარიღსა და შენახვის ხანგრძლივობას.

მიაქციეთ ყურადღება შენახვის პირობებს! ყველა პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს, რა პროდუქტი,რა ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. თუ ხედავთ,რომ რძის პროდუქტები განლაგებულია უბრალოდ დახლზე, რომელსაც არანაირი მაცივრის ფუნქცია არ აქვს, არ შეიძინოთ ისინი, მიმართეთ მაღაზიის მენეჯერს და უთხრით, რომ პროდუქცია არ არის სათანადოდ შენახული. მომხმარებელმა, რაიმე შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

ფაღარათი, ნაწლავის ჩხირები, სტაფილოკოკი-ეს იმ მძიმე დაავადებათა არასრული ჩამონათვალია, რაც შესაძლოა ადამიანის ორგანიზმში დაუფასოებელმა,  არასათანადო პირობებში განთავსებულმა რძის პროდუქტებმა გამოიწვიონ:

პროდუქცია უნდა იყოს შეფუთული და ეტიკეტირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ყიდულობთ ყველს, რომელიც მხოლოდ ცელოფნითაა დადებული დახლზე, იმ რისკის წინაშე დგებით, რომ ეს პროდუქტი, შესაძლოა იყოს მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული. ასევე,მასში შეიძლება იყოს ნაწლავის ჩხირები, სტაფილოკოკი, რომელიც ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. შესაძლოა, გამოიწვიოს ფაღარათი და მძიმე დაავადებები, რომელიც სხვადასხვა მიკროორგანიზმებით იქნება გამოწვეული.

კახაბერ კონიაშვილი განმარტავს,რომ,დაფასოებული, ეტიკეტირებული და მაცივარში შენახული რძის პროდუქტები მომხმარებლისთვის ბევრად უსაფრთხოა და თავს 98%-ით დაცულად გრძნობს:

-დაფასოებული, მაცივარში შენახული პროდუქცია ეტიკეტირებით, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო უსაფრთხოა. შეიძლება 100%-ით არა მაგრამ, 98%-ით მომხმარებელი ყოველთვის დაცულია, როდესაც ის ყიდულობს შეფუთულ ეტიკეტირებულ პროდუქციას.

ყველა მწარმოებელი,რომელიც რეგისტრირებულია რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიად, ის ვალდებულია ჰქონდეს შიდა სტანდარტები. ვურჩევდი ყველას,რომ თავი აარიდონ შეუფუთავი პროდუქციის ყიდვას, ეს ამ ვირუსების ფონზე,დამატებით რისკია ჯანმრთელობისთვის.

კონიაშვილმა, კორონავირუსთან საბრძოლველად, ძლიერი იმუნური სისტემისთვის რძის პროდუქტების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც ის ამბობს,  ადამიანმა დღიურად სასურველია 300 გრამის შესაბამისი რძის პროდუქტი მიიღოს.

-როგოც მეცნიერები ადგენენ, დღეში დაახლოებით 300 გრამი ან მილილიტრის ექვივალენტი რძის პროდუქტი უნდა მივიღოთ. ეს არის  1 ჭიქა რძე, მაწონი, 1 ნაჭერი ყველი. თუ თქვენი ორგანიზმი მეტს  მოითხოვს, შეგიძლიათ მეტი მიირთვათ.  სასურველია, 300 გრამის,ან მილილიტრის  შესაბამისი რძის პროდუქტი მივიღოთ დღის განმავლობაში“-ამბობს კახაბერ კონიაშვილი.

Comments
Loading...