კომპანიებმა „ჯი თი გრუპი“ და “მიდლ კაპიტალი” თბილისის გამგეობებს, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის ნობათები გადასცა

35

პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და რაიონის გამგებლებთან ერთად გაეცნო.

კამპანიის ფარგლებში, „ჯი თი მოტორსმა“ დედაქალაქის მერიას დროებით სარგებლობაში ავტომანქანა გადასცა, რომლითაც საჭიროების მქონე მოქალაქეებს პროდუქცია დაურიგდებათ.

ვაკის რაიონში დღეს სხვადასხვა პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთი კიდევ 100-ზე მეტ ადამიანს გადაეცა. თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ორგანიზებით მიმდინარე აქციაში მოქალაქეებიც ჩაერთვებიან. აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ჰიპერმარკეტების ქსელ „აგროჰაბში“ შეიძინონ პროდუქტები, რომელსაც ადგილზე მყოფი ”წითელი ჯვრის“ მოხალისეები დააფასოებენ და თბილისის გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, ხანდაზმულებს დაურიგებენ.

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის, რომლებსაც აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე, ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საგნები.

აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ, მოხალისეობის მსურველები კი მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.

Comments
Loading...